გიორგი ჩალაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, თუ არ მივიღებთ ზომებს, სავალალო შედეგი დადგება
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, რომ ვამბობ მძიმე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა იყოს რეანიმაციაში, მძიმე გულისხმობს, რომ თითოეული პროგნოზი ახდა და დროთა განვითარების პარალელურად, სააკაშვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდება, სავალალო შედეგს მივიღებთ, დასრულდება სიკვდილით, თუ არ მივიღებთ ზომებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
„ფაქტია, ასე ვერ გაგრძელდება და სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაც მალე, მით უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს მისი სიკვდილის შემდეგ ამ პროცესების გამართვა. ეს არის ფაქტი და ძალიან სამწუხარო რეალობა. აქამდე მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ დახმარებით დგებოდა და მას სხვა პრობლემა ადგომისას არ ჰქონდა. ახლა უკვე დახმარებით წამოდგომისას თავბრუ ეხვევა და აღარ შეუძლია წონასწორობის დაცვა, დახმარებით ადგომის დროსაც კი. დიაგნოზებზე ლაპარაკს აღარ აქვს აზრი. მთავარი არის, რომ ეს კაცი თვალსა და ხელს შუა კვდება.
პირველი და ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ დროულად გაიმართოს სასამართლო პროცესი. ის არ უნდა გაიმართოს რამდენიმე კვირის შემდეგ, ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მალე.
ჩვენ არ ვითხოვთ პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას, ჩვენ ვითხოვთ ჯერ სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას და შემდეგ მიხეილ სააკაშვილის, თავისუფალი ადამიანის, გადაყვანას საზღვარგარეთ. ექიმების ჩამოყვანა კი სისულელე იქნება. მაშინ მარტო ექიმი კი არ უნდა ჩამოვიყვანოთ, არამედ საუნივერსიტეტო კლინიკა გავხსნათ ახალი. მოხარული ვიქნებოდი, ბევრი ამერიკული საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოში გახსნილიყო, თუმცა ეს შეუძლებელია და ჩვენ, როცა ამას გავაკეთებთ, პრეზიდენტი აღარ გვეყოლება“,- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.