გიორგი ჩალაძე - იქნება ქმედებების უწყვეტი ჯაჭვი, ვეღარავინ დაიძინებს მშვიდად, ვინც დღემდე რუსულ ფულზე ცხოვრობდა, ყველას შევუქმნით დისკომფორტს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არ არის ერთი პარტიის ან ოპოზიციის სურვილი და საქმე, არამედ ეს არის ქვეყნის საქმე. ჩალაძის თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის სიმბოლოა. მისივე განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან ხუთ საათზე დაგეგმილი დღევანდელი შეკრება არის ერთ-ერთი იმ ქმედებებიდან, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი განახორციელებს. გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მთავარი მოქმედებები წინ არის.
„ვიდრე ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ძალიან აქტიური მუშაობა მიდის როგორც აშშ-ის დედაქალაქში, ასევე ევროპის დედაქალაქებში, პოლიტიკურ ცენტრებში და ამას მოჰყვება მწარე რეაგირება. ეს მწარე რეაგირება იქნება ცუდი რუსეთისთვის და ჩვენი მომავლისთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცნობს ამას. საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად მოვა გონს, ოღონდ ფასი, რასაც გადავიხდით ჩვენ ამ გადაწყვეტილებისთვის, შეიძლება იყოს სხვადასხვა. პირველი, როგორ ვაპირებთ – ვაპირებთ საერთაშორისო დონეზე, ვაპირებთ დიპლომატიურად და ვაპირებთ პოლიტიკური ზეწოლით ამ გადაწყვეტილების მიღებას. ვაპირებთ ქუჩაში ჩვენი ინტერესების დაცვას და ეს არის სამართლიანი ბრძოლა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უნდა მოვიგოთ და არა მარტო ერთი ადამიანისთვის, როგორც ქალბატონი სალომე მოიხსენიებს ბატონ პრეზიდენტს“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან აქვს კომუნიკაცია პირადადაც, ასევე აქვს კომუნიკაცია პარტიას.
„მადლობა უნდა ვუთხრათ გიორგი ვაშაძეს და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ძალიან სწორი პოზიციისთვის. ჩვენ ბევრ სხვა ადამიანთანაც ვსაუბრობთ და მათი პოზიციაც საჯაროდაა დაფიქსირებული. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა ელენე ხოშტარიას თავისი ძალიან სწორი პოზიციისთვის და ისიც შეუერთდება ამ წრეს. არ მეგულება საღად მოაზროვნე ადამიანი, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ პრორუსს, რომელიც პარლამენტში შემთხვევით მოხვდა, ჩრდილოვანი „ქართული ოცნების“ ჩრდილოვან წარმომადგენლებს, რომლებიც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი შემოუერთდება საპროტესტო მოძრაობას ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.
აუცილებლად ვიქნები აქციებზე. თუ სადმე ვერ მხედავთ აქტიურად საზოგადოებაში, ეს იმ დროს ხდება, როცა მიწევს კომპიუტერთან მუშაობა და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობა. არ არის ემოციურ ფონზე, ხელის დაქნევით ჩატარებული აქციები. პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება ყველა, რასაც ჩვენ მივიღებთ, გათვლილი შედეგზე და დაგეგმილი მკაცრად, წინასწარ შედგენილი გრაფიკით. თქვენ ნახეთ პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ის იყო ნიშანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რასაც ველოდებოდით. ახლაც მზად ვართ, ნებისმიერ ქმედებას, რასაც მთავრობა განახორციელებს, კონტრქმედება დავახვედროთ ჩვენი მომავლის გადასარჩენად. ყველა გეგმა გაწერილია, მხოლოდ დეტალებზე მიდის კონსულტაციები და შეთანხმება. იქნება უწყვეტი ჯაჭვი ქმედებებისა, არა მხოლოდ ქუჩის აქციების, არამედ დიპლომატიისა და პოლიტიკური აქციებისა, რომლებიც ჩატარდება, და როგორც ბატონმა ლევან ხაბეიშვილმა გუშინ თქვა, ვეღარავინ დაიძინებს მშვიდად, ვინც რუსულ ფულზე ცხოვრობდა დღემდე. ყველას შევუქმნით დისკომფორტს, რომელიც მათ დამსახურებულად მიიღეს. ყველგან იქნება ქუჩის აქციები. თავს ვიკავებ კონკრეტული გეგმაზე საუბრისგან, რადგან კონკრეტული ადამიანები არიან პასუხისმგებელი ქმედებებზე და არ მინდა, მათ კომპეტენციაში შევიდე“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
რაც შეეხება დეპუტატების მიერ მანდატების დატოვების საკითხს, ჩალაძის შეფასებით, არ არის სწორი მანდატების დატოვება, თუმცა ეს გადაწყვეტილება პარტიამ უნდა მიიღოს.