გიორგი ჩალაძე - იმედი მაქვს, პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებისთვის საკმარისი დრო გვეყოფა, რათა პრეზიდენტ სააკაშვილს ცოცხალს მივუსწროთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ კლინიკა „ვივამედის“ განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლავენ.
როგორც გიორგი ჩალაძემ აღნიშნა, აქამდე მიხეილ სააკაშვილს ჩუმად წამლავდნენ, ახლა კი ღიად აპირებენ მის მოკვლას.
„შეუძლიათ, ერთ-ერთმა მისმა ბადრაგმა ან ვინც მის გარშემო იარაღიანები არიან, ტყვია ესროლონ პირდაპირ. კლინიკის დღევანდელი განცხადება ამას ემსახურება. ეს არ ნიშნავს, რომ იმ კლინიკაში ყველა არის უსინდისო და პუტინისტი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რუსულიდან სიმონიანის ტექსტები ხომ არ არის ნათარგმნი. ეს არის პირველი პასუხი იმ მოახლოებულ სანქციებსა და საერთაშორისო რეაგირებაზე, რაც იყო, ასევე ეს არის ალიბის შექმნა, რადგან იციან პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა და გაქცევა უნდა კონკრეტულად „ვივამედს“, თავის არიდება ამ პრობლემისგან. ეს ასევე არის დასჯის მექანიზმი, ძალიან მკაცრი და პირდაპირ სასიკვდილოდ გადადება, მაშინ როცა იციან, რომ საკითხი მოგვარებულია. ახლა რა მოხდა, მინდა, პირდაპირ ეთერში ვთქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შემდგარია სრული კომუნიკაცია ყველა წამყვან სააგენტოს ხელმძღვანელებთან, ყველანი საქმის კურსში არიან. დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებისთვის საკმარისი დრო გვეყოფა, რათა პრეზიდენტ სააკაშვილს ცოცხალს მივუსწროთ. ამას მოყვება ძალიან კონკრეტული შედეგები. პრეზიდენტ სააკაშვილს კლავენ, მინდა, ეს ვთქვა, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილს, აი, ახლა დეკლარირებულად კლავენ.
სავარაუდოდ, ხვალ გაჟღერდება მნიშვნელოვანი ამბავი უკვე ნორვეგიიდან, ქალბატონი გიული და პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის წევრები მიდიან ნორვეგიაში, პრეზიდენტი სააკაშვილი დაჯილდოებულია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელშეწყობებისთვის ისეთი ჯილდოთი, რომელიც უტოლდება „ნობელს“. ეს დაჯილდოება გაიმართება შაბათს და ამის შესახებ ძალიან კარგად იციან ბიძინა ივანიშვილმა და სიმონიანმა. აი, ამაზე სკდებიან ბოღმით და ეს არის კიდევ ერთი შურისძიება“, – განაცხადა ჩალაძემ.
კლინიკა „ვივამედმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. კლინიკა მიმართავს პენიტენციურ დაწესებულებას, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.