გიორგი ჩალაძე - დღევანდელი აქცია არის სიმბოლური შეკრება, ეს არ არის იმ ადამიანების სრული მობილიზება, ვისაც უნდა სააკაშვილის გადარჩენა
დღევანდელი აქცია არის სიმბოლური შეკრება, ეს არ არის იმ ადამიანების სრული მობილიზება, ვისაც უნდა სააკაშვილის გადარჩენა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მხარდამჭერების ერთად დგომა მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
ჩალაძის განცხადებით, მთავარია, დროულად ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი, რადგან შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს ცოცხალი.
„დღეს ჩვენი ერთად დგომა მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. დღევანდელი აქცია არ ატარებს პოლიტიკურ ლოზუნგებს, არ იქნება გაჟღერებული არც ერთი პოლიტიკური მოწოდება, ეს არის სიმბოლური შეკრება. ეს არ არის სრული მობილიზება იმ ადამიანების, ვისაც უნდა სააკაშვილის გადარჩენა. ეს არის მოწოდება საქართველოსთვის, რომ არ დავუშვათ პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი.
მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილმა დღეს ვერ შეძლო ფეხზე ადგომა. ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს კატასტროფას, იმ ტრაგიკულ დღეს, როცა ჩვენ მას დავკარგავთ. ამიტომ ჩვენი ხმა უნდა გაიგოს ყველამ. სასამართლოზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა. რაც მთავარია, დროულად უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი. შესაძლებელია, პრეზიდენტი აღარ იყოს ცოცხალი, თუკი სასამართლო პროცესი არ ჩაინიშნება მომდევნო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.