გიორგი ჩაკვეტაძე - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეული წევრი მზად არის, გვერდით დაუდგეს თანამოქალაქეებს და შევთავაზოთ დახმარება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს, გვაქვს დიდი სურვილი და მზაობა, რათა გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ უწყებას, ჩვენ თითოეულ თანამოქალაქეს ამ მძიმე პერიოდში და მოხალისეობრივად შევთავაზოთ დახმარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
გიორგი ჩაკვეტაძე უფასო სასადილოებში მომსახურების წესის შეცვლის საკითხზე დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა.
„მსურს, რომ ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენს მოსახლეობას ამ მძიმე მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის. დედაქალაქის მერმა დღეს გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის უფასო სასადილოებში იცვლება მომსახურების ფორმა, წესდება უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმები, ინერგება დამატებითი სერვისები ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შესაზღუდად.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამ დამატებითი მომსახურების გასაწევად, თბილისის მერიას დასჭირდება მოხალისეთა ჯგუფები. ისინი დამატებით ტრენინგებსაც გაივლიან.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს, გვაქვს დიდი სურვილი და მზაობა, რათა გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ უწყებას, ჩვენ თითოეულ თანამოქალაქეს ამ მძიმე პერიოდში და მოხალისეობრივად შევთავაზოთ დახმარება. ჩვენი თითოეული მეგობარი და თანამოაზრე, არათუ მზად ვართ ამისთვის, არამედ მოხარულებიც კი ვიქნებით, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა დავეხმაროთ და ვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას. ახლა მთავარია, მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ჩვენ, ახალგაზრდები, სოლიდარულები ვიყოთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ერთმანეთის, ისე საზოგადოების ჯანმრთელობას“, -განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.