გიორგი ჩაკვეტაძე - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბავშვებმა აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს, მორიგი ტყუილია
გიორგი ჩაკვეტაძე - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბავშვებმა აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს, მორიგი ტყუილია

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ სპორტულ ცენტრთან „იმედი“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე ისაუბრა.

გიორგი ჩაკვეტაძემ ინფორმაციას, თითქოს, ბავშვებმა საცურაო აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს, მორიგი ტყუილი და სიცრუე უწოდა.

მისი თქმით, აუზის წყლის ტესტირებისას აღმოჩნდა, რომ წყალში ქლორი და Ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ამასთან, იგივე დაადასტურა კიდევ დამატებით ჩატარებულმა კომპლექსურმა კვლევებმაც.

„კონკრეტული მედიის მხრიდან, სამწუხაროდ, ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება საცურაო აუზს, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გასულ კვირას გამოქვეყნდა. სიცრუეა, თითქოს, წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზში მიმდინარეობს, რამაც ბავშვებისა და მწვრთნელების ინტოქსიკაცია გამოიწვია. რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურაა ასახული. აუზის წყლის მყისიერმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ქლორი და Ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება ქლორს კი, მისი მოწოდება ხდება ქლორის მწარმოებელი სერთიფიცირებული ესპანური კომპანიის (DIASA) მიერ“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, ეს იყო დედაქალაქის მერიის დისკრედიტაციის მცდელობა და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.