გიორგი ჩაკვეტაძე - ჩვენ ვართ უკრაინელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ზელენსკის გადაწყვეტილება, სულ მცირე, საწყენია
გიორგი ჩაკვეტაძე - ჩვენ ვართ უკრაინელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ზელენსკის გადაწყვეტილება, სულ მცირე, საწყენია

ზელენსკის გადაწყვეტილებები და განცხადებები გაუგებარია, როგორც ჩანს, მათთვის სააკაშვილი არის გარკვეული ტიპის ბერკეტი, რომ მისი საკითხი იყოს ყოველთვის აქტუალური, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკისგან აღნიშნული გადაწყვეტილება საწყენია.

„უკრაინა რადგან აგრესიული ომის პირობებშია რუსეთის მხრიდან, ამ შემთხვევაში ვრჩებით უკრაინის მეგობრად და უკრაინელი ხალხის პირველ მხარდამჭერად როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში. უკრაინის ფოსტის მონაცემებით, შარშან ყელაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება საქართველოდან გაიგზავნა. ასევე, საქართველო იყო თანაავტორი ძალიან ბევრი საერთაშორისო განცხადების და რეზოლუციის, მათ შორის, კონკრეტული დაკავების ორდერების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. შესაბამისად, ჩემთვის პირადად გაუგებარია ის გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლებიც ზელენსკიმ გააკეთა, თუმცა ცოტა უფრო გასაგები ხდება, თუ მთელ კონტექსტს შევხედავთ. როგორც ჩანს, მათთვის სააკაშვილი არის გარკვეული ტიპის ბერკეტი, რომ მისი საკითხი ყოველთვის აქტუალური იყოს. ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს 12 მაისის გადაწყვეტილებამ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ არანაირი არასათანადო მოპყრობა არ არსებობს, პირიქით, პენიტენციურ სამსახურს აქვს სრული პასუხისმგებლობა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატიმარი სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. უბრალოდ, გულის წყვეტა მაქვს. ჩვენი საამაყო საქართველოს ელჩი და ქართველი დიპლომატები იყვნენ ერთადერთი არა, მაგრამ ძალიან ცოტა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, რომელთაც, კიევი როდესაც პირდაპირი თავდასხმის ქვეშ იყო, ფეხი არ მოუცვლიათ კიევიდან და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან. ისინი იცავდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უკრაინელების ინტერესებს. ჩვენ ვიყავით და ვართ უკრაინელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერები, შესაბამისად, როგორც მინიმუმ, ეს საწყენია მისი მხრიდან, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მხოლოდ მისი განცხადება არ იყო“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.