გიორგი ცაგარეიშვილი - წარმოუდგენელი ამბავია, შენი ქვეყნისთვის ცუდი გინდოდეს და ამაში ნაძარცვ, მოპარულ ფულს იხდიდე, საიდან ეს მილიონები? ეს - თეთრად, და გარწმუნებთ, ათი იმდენი შავად იქნება გადახდილი
წარმოუდგენელი ამბავია, შენი ქვეყნისთვის ცუდი გინდოდეს და ამაში ფულს იხდიდე, თანაც ნაძარცვ, მოპარულ ფულს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ადამიანები დღემდე მუშაობენ და უზარმაზარ თანხებს იხდიან იმისთვის, რომ ქვეყანას ძირი გამოუთხარონ, რაც წარმოუდგენელი ამბავია. წარმოუდგენელი ამბავია, შენი ქვეყნისთვის ცუდი გინდოდეს, ნიშანი მოუგო შენს ქვეყანას, ვითომ ერჩოდე „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ანადგურებდე შენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს და ამაში ფულს იხდიდე, თანაც ნაძარცვ, მოპარულ ფულს. რიტორიკულად გეკითხებით, საიდან ეს მილიონები? ეს – თეთრად, და გარწმუნებთ, ათი იმდენი შავად იქნება გადახდილი. მტკიცებულება არ გამაჩნია, მაგრამ ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მათ მიერ არის შეკვეთილი სტატიები, რეპორტაჟები და რეზოლუციები; რაც საერთოდ სამარცხვინო და საგანგაშო ამბავია, ევროპარლამენტში, კონგრესმენებთან მუდმივი შეხვედრები, ლობისტების მცდელობა, რომ აქ, აშშ-ის საელჩოში ადამიანებს დაუკავშირდნენ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, FARA-ს დოკუმენტებს თუ დავეყრდნობით, რაც კომპეტენციის უმაღლესი დონეა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშში ეჭვი არავის შეაქვს, საქართველომ მიიღო ევროპარლამენტში ორჯერ ნაყიდი რეზოლუცია.
„წერია ეს ამ ანგარიშში თუ არ წერია? წერია. ეს რა, მე მოვიგონე? აქედან გამომდინარე, შედეგი ხომ ჰქონდა ამ ლობიზმს? ჩვენ მერე დავდექით, თავი ვიმართლეთ და ვთქვით, არა, ბატონებო და ქალბატონებო, ეს ასე არ არის, ეს კაცი კრიმინალია, მან ვალერი გელაშვილი აცემინა, 7 ნოემბერს უდანაშაულო ხალხი დაარბია, „იმედში“ შევარდა და ჟურნალისტები, მათ შორის, ფეხმძიმე ქალები წიხლქვეშ გაიგდო, ის ხაზინის ქურდია, გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, რისთვისაც ყველაფერი გააკეთა და ამასთან დაკავშირებითაც არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება. ამ ადამიანმა ეს გააკეთა და ამიტომ ეს რეზოლუციები ყალბია. არავინ არ აწამებს მას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს, მაგალითად, ჰერმან საბოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, ამ კამპანიისთვის ასევე ლობისტური კომპანიები დაეპირისპირებინა, გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ოჯახი და გარემოცვა ამ ყველაფერში ნაძარცვ ფულს იხდის, რასაც ხელისუფლება არასდროს გააკეთებს.
„რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ? ანუ, ქალბატონი გიული თუ გადაიხდის ნაძარცვ მილიონს, ბატონი საბო გვთავაზობს, ჩვენ ორი მილიონი ამოვაცალოთ ჩვენს გადამხდელებს ჯიბიდან და ამ ქალბატონის და მისი ოჯახის გავრცელებული ბლეფი და ტყუილი გავაქარწყლოთ? ამას გვთავაზობს ბატონი საბო? და ათი რომ გადაიხადოს იმ ქალმა, მე ოცი გადავიხადო? და სად მაქვს ეს ოცი მილიონი? საბოს უდევს ჯიბეში, ეტყობა, და მოგვცეს და გადავიხდი. ვის ფულზე საუბრობს, საიდან უნდა გადავიხადო, რა თანხა უნდა გადავიხადო და რაში? რაც არ გამიფუჭებია, იმაზე გამოვუკეთო თვალთახედვა ევროპელს, ამერიკელს და ეს არის პარტნიორობა და მეგობრობა? მე რომ ახლა თქვენ ჭიქით წყალი შეგასხათ, თქვენ რას მეტყვით, რომ ისევ მეგობრებად დავრჩებით? ხომ გამაგდებთ ამ სტუდიიდან და მართალიც იქნებით? ჰოდა, ასე გადაეცით მაგ საბოს, იშოვონ მილიონები, მოიტანონ და მერე მე, რა თქმა უნდა, გადავფარავ ალასანიების მიერ წარმოებულ ამ პიარს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად არგუმენტირებულია აშშ-ის ელჩის განცხადება, რომელმაც პირველ ეტაპზე თქვა, რომ FARA-ს დოკუმენტაცია ნანახი არ ჰქონდა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ „აშშ-ის საელჩოდან არავინ ყოფილა ჩართული მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში და საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს“, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, ელჩს ეს არ სცოდნოდა.
„როგორც ჩანს, მან ეს იცოდა ან შეატყობინეს შემდეგ და მოჰყვა ეს საპასუხო რეაქცია მისი მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ელჩისგან და სხვა მეგობრებისგან ისმის ხოლმე წუხილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა მანაც და ყველამ იცის, რომ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და, წესით, კითხვები მოხსნილი უნდა იყოს, მაგრამ როცა ლობიზმში შავად და თეთრად მილიონებია გადახდილი, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ადამიანი „წუხდება“.