გიორგი ცაგარეიშვილი - სააკაშვილის და მთავარი სპონსორის, კეზერაშვილის ნებართვით, ვაშაძეს თავისი როლი დაეკისრა, მე მაინც ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ ულიდერებს, ეს სააკაშვილის ჯვარია
გიორგი ცაგარეიშვილი - სააკაშვილის და მთავარი სპონსორის, კეზერაშვილის ნებართვით, ვაშაძეს თავისი როლი დაეკისრა, მე მაინც ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ ულიდერებს, ეს სააკაშვილის ჯვარია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, არის ფსევდოგაერთიანება, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს არის რამდენიმე ადამიანის შესვლა ერთიან პარტიულ სიაში იმისთვის, რომ ამ რამდენიმე ადამიანმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, მოიპოვოს თავისი კუთვნილი ადგილი, 38-ე, 24-ე ან მე-18. გამოდიან ხოლმე ვაშაძე და მისი მეგობრები და ამბობენ, ჩვენ გავერთიანდითო, მაგრამ არავითარი გაერთიანება ეს არ არის. ხომ გახსოვთ, ვაშაძე ვინ იყო? ადეიშვილის მოადგილე და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოსული მერვე მოწვევის პარლამენტში. ვაშაძის პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანდა არა როგორც ბლოკში ან კოალიციაში, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უბრალოდ, შეიწოვა პარტიის ძველი წევრები. უკან ბრუნდებიან ძეშეცდომილები და პატიმარ სააკაშვილის და მთავარი სპონსორის, კეზერაშვილის ნებართვით, ვაშაძეს თავისი როლი დაეკისრა. არ ვიცი, რიგით მერამდენე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია ამ პარტიის. ხუთი კანდიდატი უკვე გაამჟღავნეს ბოლო ერთ თვეში. მე მაინც ვფიქრობ, როგორც დაბერდნენ პოლიტიკურად სააკაშვილის ჩრდილში, ასე იქნებიან, სანამ ეს ადამიანი იქნება. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ ვერ ულიდერებს, ეს არის სააკაშვილის ჯვარი და, როგორც ჩანს, ამ ჯვარს ბოლომდე გაიტანს. იქ იქნებიან ყველა – ჭიაბერაშვილები, ვაშაძეები, ყოფილები, დავიწყებულები და ა.შ. მოკლედ, ნავსაყუდელი სადღაც „ვივამედის“ გარშემო იქნება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ამ განცხადებით გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პერსპექტივა აქვს ახალ ერთობას და „გამარჯვების პლატფორმას“, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააფუძნეს.

ცაგარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დატრიალებული უბედურების თავში და ბოლოში დღემდე სააკაშვილია, რომელიც ამ ყველაფრის მოთავე და სულიერი მამაა.

„ვერ გავწირავთ ამ საზოგადოებას და ხალხს იმისთვის, რომ ისევ ხეებთან დააყენონ ადამიანები, ისევ ციხეებში გააუპატიურონ, ისევ მორგებში მიაჯაჭვონ გარდაცვლილ პატიმრებთან ხელბორკილებით, ისევ ახიონ ბიზნესები და შემდეგ თავიანთი გურუ ციხიდან გაათავისუფლონ, რომ მერე ეს ყველაფერი დაატრიალოს. ყველაფრის თავში და ბოლოში დღემდე სააკაშვილია, ის არის მოთავე და სულიერი მამა ამ ადამიანების. ეს ამბავი არ მოხდება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ტრენდი შემოიტანა პარტიის გაახალგაზრდავებასთან დაკავშირებით და ახალგაზრდები შეკრიბა, რომლებსაც მერე გამოუცხადეს, რომ სათავეში ძველ სახეებს ჩაუყენებდნენ.

„ტრენდი შემოიტანეს ახალი, მოდით, პარტია გავაახალგაზრდავოთო, შეკრიბეს ახალგაზრდები დმანისში, ლამაზი ტბის ნაპირზე და მეორე დღეს გამოუცხადეს, სათავეში ჩაგიყენებთ ჭიაბერაშვილს. რა კარგი შეტყობინებაა, ხომ, ამ ახალგაზრდებისთვის?! ანუ, შეკრებენ ახალგაზრდებს და ეუბნებიან, სათავეში ჩაგიყენებთ ადეიშვილს, მერე კიდევ შეკრებენ და ეტყვიან, სათავეში ჩაგიყენებთ მერაბიშვილს, მერე კეზერაშვილს, მერე ახალაიას და ა.შ. არ ვიცი, მეგის ქარდავა ციხეშია და ალბათ ისიც უნდათ, შეიამხანაგონ. ეს არის შეტყობინება და პარტიული ორგანიზაციის მშენებლობა? რაც უნდათ, ის აკეთონ, მათი არჩევანია, მაგრამ ეს არის ნულოვანი შედეგი. ძალიან ცდებიან, თუ ვინმეს ჰგონია მაგ პარტიად წოდებულ ორგანიზაციაში, მე რომ ავაზაკების თავყრილობას ვეძახი, ადამიანებს დაავიწყდათ, ვინ იყო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ქარდავა, ახალაია, კოდუა, კიდევ მეორე ქარდავა და ასე უსასრულოდ, რასაც არცერთი თაბახის ფურცელი არ ეყოფა. შესაბამისად, შედეგს მიიღებენ ნულოვანს, ძალიან მალე, წელიწად-ნახევარში, როცა რიგით მეათე არჩევნებს წააგებენ მმართველ ძალასთან“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.