გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციას - თქვენ გააუქმეთ გეოლოგიის დეპარტამენტი, მოსპეთ ყველაფერი, რაზეც ხელი მიგიწვდათ და ახლა ითხოვთ აქ დამნაშავის ძიებას
გააუქმეთ გეოლოგიის დეპარტამენტი, უდიდესი ტრადიციების მქონე ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, ჯართში ჩააბარეთ მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი, მოსპეთ ყველაფერი, რაზეც ხელი მიგიწვდათ და ახლა თქვენ ითხოვთ აქ დამნაშავის ძიებას, – ასე მიმართა ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
მან ინტერპელაციის კითხვის ადრესატს, თინა ბოკუჩავას მიმართა და განაცხადა, რომ ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის პროექტში 27 კი არა, 32 მილიონია დასახარჯი.
დეპუტატის თქმით, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის პროექტს საქართველოში ახორციელებს გაერო-ს განვითარების პროგრამა, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და საქართველოს მთავრობა თანადაფინანსების მიმართულებით.
„თქვენ რომ საკითხში გარკვევა გდომოდათ, სულ მცირე, მაია ბითაძეს ჰკითხავდით რამეს ან, ბოლოს და ბოლოს, მე მკითხავდით და იმას მაინც გაარკვევდით, რომ ბოლო ხუთი წელი იმ სააგენტოში ვიმუშავე, რომელიც ამ პროექტს ემსახურებოდა. ერთ რამეს გეტყვით, როცა ამ პროექტმა მუშაობა დაიწყო და როცა დაიწყო სააგენტოს აღორძინება, ყველაფერი პირწმინდად გაჩანაგებული და განადგურებული იყო. ასევე, შევახსენებ საზოგადოებას, რომ გაჩანაგების, განადგურების მსახვრალი ხელი ამ მიმართულებას დაეტყო 2004 წლიდან, როცა პირდაპირი მნიშვნელობით გამოყარეს გეოლოგები თავიანთი სამსახურიდან და გააუქმეს გეოლოგიის დეპარტამენტი. მოსპეთ ყველაფერი, რაზეც ხელი მიგიწვდათ იმ ცხრა წელიწადში. ახლა თქვენ უსვამთ კითხვებს მთავრობას და ითხოვთ აქ დამნაშავის ძიებას. თქვენს თავში თუ ჩაიხედავთ და ცოტა კრიტიკულად გადახედავთ თქვენი ხელისუფლების ზეობის ჟამს, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ძალიან კარგი იქნება“, – მიმართა გიორგი ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.