გიორგი ბურჯანაძე - სააკაშვილი ხელისუფლებაში როცა იყო, თითქმის ყველა აქციაზე ვიყავი მისი გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, დავიცავი
მე ვარ ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თითქმის ყველა საპროტესტო აქციაზე ვიყავი მისი გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ როცა სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხი დადგა, მისი უფლებები დავიცავი, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის შეკითხვას: „ალბათ, დამეთანხმებით, რომ ზოგადად სახალხო დამცველი უნდა იცავდეს ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, განურჩევლად, ვინ არის ეს ადამიანი. უნდა არსებობდეს თუ არა გარკვეული შერჩევითობის პრინციპი უფლებების დაცვის დროს?“.
ბურჯანაძის თქმით, წარსული საქმიანობით დაუმტკიცებია, რომ ასე არ უნდა იყოს.
„ალბათ წარსული საქმიანობით დამიმტკიცებია, რომ ასე არ უნდა იყოს. მაგალითად, მე ვარ ადამიანი, რომელიც, როცა ის ხელისუფლებაში იყო, თითქმის ყველა საპროტესტო აქციაზე ვიყავი მისი გადადგომის მოთხოვნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვგულისხმობ, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, რა თქმა უნდა, მისი უფლებები დავიცავი. საკმაოდ კრიტიკული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე წინა სახალხო დამცველის, წინა სახალხო დამცველის აპარატის და ზოგადად, ადამიანის უფლებების დამცველების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფარული მიყურადების მომწესრიგებელ კანონმდებლობას ვიცავდით, მაგრამ როცა მისი შესაძლო უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია, ჩვენ რეაგირება განვახორციელეთ. ჩემთვის არ არსებობს ასეთი ადამიანი, სახალხო დამცველის აპარატისთვის ასეთი ადამიანი არ არსებობს, არც სახალხო დამცველისთვის არ არსებობს და ბუნებრივია, ეს ამოსავალი წერტილია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
გივი მიქანაძემ ბურჯანაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართა: „შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რატომ არის სახალხო დამცველის აპარატის ბოლო ერთი წლის საქმიანობა ასე დიდად აქცენტირებული მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით მაშინ, როცა ოთხი წლის განმავლობაში სახალხო დამცველი უშუალოდ თვითონ სულ 15-ჯერ არის ნამყოფი პენიტენციურ სისტემაში. ამ 15-ში შედის რამდენიმე ვიზიტი სწორედ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი იქნა დაკავებული“. გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, სტრატეგია, რომელიც სახალხო დამცველმა აირჩია, იყო ის, რომ მისი ვიზიტები მხოლოდ მაშინ განხორციელებულიყო, როცა სახალხო დამცველის უშუალოდ ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა.
„მისი ყოველი ვიზიტი ციხეში და შეხვედრა პატიმართან ერთ მარტივ რამეს იწვევს – ჩვენ წელიწადში 1 500-მდე ინდივიდუალური ვიზიტი გვაქვს ციხეში, ამის მიღმა ასეულობით ვიზიტი გვაქვს, რომელიც ეხება პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციას. როგორც კი პატიმრები ხედავენ ხოლმე, რომ მაგალითად, სახალხო დამცველი შეხვდა უშუალოდ, მათ ყოველთვის აქვთ განცდა, ერთს თუ შეხვდა, მასაც უნდა შეხვდეს. ამიტომ სტრატეგია, რომელიც სახალხო დამცველმა აირჩია თავიდანვე, რომელიც ერთობლივად ჩამოყალიბდა, რომელიც სხვათა შორის, აპარატის რჩევას ეფუძნებოდა, იყო ის, რომ ვიზიტები მხოლოდ მაშინ განგვეხორციელებინა, როცა სახალხო დამცველის უშუალოდ ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა სახალხო დამცველის აპარატს, მოენახულებინა ის პატიმრები, რომლებიც შიმშილობის უკიდურეს სტადიაზე იმყოფებოდნენ. ასევე, ბურჯანაძის თქმით, ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად პატიმრები აცხადებდნენ, რომ ინფორმაციას, რომელსაც ფლობდნენ, სახალხო დამცველის გარდა, სხვას არავის მიაწვდიდნენ.
„ანალოგიური შემთხვევა იყო ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაშიც, იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდა თავად სურვილი, სახალხო დამცველისთვის მიეწოდებინა უშუალოდ ინფორმაცია, მაგრამ შემდეგ, როცა ის აპარატთან ნდობაში შემოვიდა, თუ ამ ინფორმაციას ამოწმებთ, ალბათ იმასაც გადაამოწმებთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან არაერთი ვიზიტი აქვთ განხორციელებული ჩვეულებრივ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს. ასე რომ, ეს არის ტაქტიკა, მეთოდი, რომელსაც ვიყენებთ. ჩვენთან, ციხეების მონიტორინგისთვის ყველაზე დიდი სტრუქტურული ერთეული სწორედ ამ ნაწილს ეთმობა და ბუნებრივია, თუ ყველა პატიმარი იტყვის, რომ გინდა თუ არა, სახალხო დამცველი შემხვდეს პირადადო, ფაქტობრივად, ოფისის პარალიზება მოხდება. ამას ვერც ერთი სახალხო დამცველი ვერ აწევს“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.