გიორგი ბურჯანაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ ინიშნება
სახალხო დამცველის აპარატში არანაირი ცვლილება არ იგეგმება. ამაზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ პირველ არხს განაცხადა.
გიორგი ბურჯანაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ლომჯარია აპირებს, პირველ მოადგილედ დანიშნოს გიორგი ბურჯანაძე. სახალხო დამცველობის კანდიდატებს პარლამენტში მხარდაჭერა თუ არ ექნებათ, ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. არსებობს თუ არა ამის ალბათობა?“.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, ეს ინფორმაცია არასწორია და მისი დისკრედიტაციის მცდელობას ისახავს მიზნად.
„ეს არის ალბათ ერთ-ერთი ჭორი. აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან, მიზნად ისახავს ჩემი დამატებითი დისკრედიტაციის მცდელობას, რაღაც თეორიის მოფიქრებას, თითქოს შეთქმულებას აქვს ადგილი. ეს აბსურდულია. კანონმდებლობით წესრიგდება, როგორ გაგრძელდება საქმიანობა სახალხო დამცველის არარჩევის შემთხვევაში. სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე, რომელიც თავის საქმიანობას მშვენივრად უძღვება და არის ძალიან კარგი პროფესიონალი. ხუთი წელია, ერთობლივად ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, არის მოგონილი. ვინც ეს თქვა, მას შესაბამისი არგუმენტი არ აქვს. ამას ჩემი ფუჭი დისკრედიტაციის მცდელობად ვუყურებ.
სახალხო დამცველის აპარატში არანაირი ცვლილება არ იგეგმება. მოადგილის დანიშვნის ან გათავისუფლების საკითხი სახალხო დამცველის გადასაწყვეტია. ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რაღაც ვამტკიცოთ. ამის შესახებ ვინც თქვა, ვალდებულია, დაამტკიცოს ის, რაც თქვა და რამე წარმოადგინოს მტკიცებულება“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.