გიორგი ბოტკოველი - წამსვლელი წავიდეს, თუ ვინმე იმისთვის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ პარტიას ავნოს, მიბრძანდეს
წამსვლელი წავიდეს, თუ ვინმე იმისთვის არის ამ პარტიაში, რომ პარტიას ავნოს, მიბრძანდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
გიორგი ბოტკოველს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები პარტიის დატოვებას განაგრძობენ.
როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება და დადგმული სცენარები პარტიას არაფერს დააკლებს.
„დღეს პარტიიდან წასვლის კვირეული დაიწყო ალბათ და მერე პარტიის შექმნის კვირეულს გამოაცხადებენ. უკეთესი იქნება, ყველამ თავის საქმეს მიხედოს. იმედა კევლიშვილმა უკვე მეორედ დატოვა პარტია, იანვრის ბოლოს, როდესაც მას იგივე სტატუსი ჰქონდა გამზადებული, უბრალოდ, ფრაქცია ეწერა მაშინ, ახლა ჩაანაცვლა პარტიით. მაშინ არ მისცეს უფლება, რომ პარტიიდან წასულიყო. მთავარი არის ერთი რამ: როგორც ჩანს, ვიღაცას არ მოსწონს ჩვენი აქტიურობა, მაგალითად, კახეთში. ყველა ადამიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ღირებულია, მაგრამ თვითონაც არ ახსოვდა, რომ პარტიის წევრი იყო და დღეს უთხრეს, ეს განცხადება გაეკეთებინა. ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება, წამსვლელი წავიდეს, თუ ვინმე იმისთვის არის ამ პარტიაში, რომ პარტიას ავნოს, მიბრძანდეს“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ამასთან, როგორც იმედა კევლიშვილმა აღნიშნა, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, არის კატასტროფა.
„ყველაფერი დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების დროს. ღიად განვაცხადე, რომ მხარს ვუჭერდი ნიკა მელიას, რადგან მიუღებელი იყო ჩემთვის ბრძოლის კულუარული მეთოდები. ნიკა მელია დამარცხდა და ამ დღიდან დაიწყო ბოიკოტი ჩვენ მიმართ, ვინც ნიკა მელიას ვუჭერდით მხარს. რაც პარტიაში ხდება, არის კატასტროფა, არაფორმალური მმართველობა. როცა შენ ედავები ხელისუფლებას და ეუბნები, რომ შენ გაქვს არაფორმალური მმართველობა, იმავეს არ უნდა აკეთებდე შენს პარტიაში. მე არ მიმაჩნია ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ“, – განაცხადა იმედა კევლიშვილმა.