გიორგი ბოტკოველი - ვფიქრობ, პარტიაში არჩევნების პროცესი უნდა გავიაროთ სწრაფად, წლის ბოლომდე დავასრულოთ და ერთ გუნდად მივყვეთ საქმეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პარტიისა და მისი მხარდამჭერებისთვის მთავარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები არ უნდა გაიწელოს, არამედ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. როგორც ბოტკოველი ამბობს, არჩევნების დამთავრების შემდეგ ერთ გუნდად, მობილიზებულად უნდა განაგრძონ საქმიანობა, რომელიც პარტიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„პარტიისთვის, ამ შენობაში მყოფი ადამიანებისთვის, ჩვენი ამომრჩევლისთვის, მხარდამჭერებისთვის მთავარი არის ერთი საკითხი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა. რაც შეეხება არჩევნების გადადება-არგადადების საკითხს, ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა გავიაროთ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე. წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ პროცესი და არ უნდა გაიწელოს, რათა ამან მეტად არ დააზიანოს პროცესი. პირიქით, ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს არჩევნები და ერთ გუნდად, მობილიზებულად მივყვეთ საქმეს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.