გიორგი ბოტკოველი - „ქართულ ოცნებას“ არანაირი პოტენციალი არ გააჩნია, რომ თუნდაც მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად რამენაირი კოალიცია გააკეთოს
ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება სასაცილო იყო და თავადაც არ სჯერა იმის, რაც თქვა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„მჯერა, რომ სანამ ის ამ 45%-ს იტყოდა, ალბათ, ჩაიხედა იმ მონაცემებში, რაც თვითონ აქვთ და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი მოუმატა?! შემდეგ, იმ საღამოსვე, ამ მომატებულზეც კი, ტუჩებში მოხვდა და მეორე დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც პოზიცია გამოხატა, რომ არა, 45% კი არა, თურმე, 60% ჰქონიათ და მთავრობას სრულად აკომპლექტებენ. „ქართულ ოცნებას“ არანაირი პოტენციალი არ გააჩნია იმისა, რომ რამენაირად შეძლოს, თუნდაც, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად რამენაირი კოალიცია გააკეთოს“, – განაცხადა ბოტკოველმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გადაიქცევა თუ არა 2020 წლის არჩევნები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოცემულობა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალაა ხელისუფლების, თუ სხვა ოპოზიციური ძალების მხრიდან.
„აქ სამი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი საუბრობდა და თითოეულმა იმდენჯერ ახსენა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ჩვენ, ყველანი ვთანხმდებით და მგონი, ისინიც გვეთანხმებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოცემულობა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალაა ხელისუფლების თუ სხვა ოპოზიციური ძალების მხრიდან“, – განაცხადა ბოტკოველმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არ არის მისაღები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ის, რომ წინ წასასვლელად გარკვეული ციკლები დასრულდეს, ერთი ხელისუფლების წასვლის შემდეგ პოლიტიკოსების ახალ ხელისუფლებაში გადაბარგების პროცესი აღარ გაგრძელდეს და საერთოდ, არჩევნებში მარცხი ყველაფრის დაკარგვის შიშს არ ნიშნავდეს, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, პოლიტიკური ანგარიშსწორება არანაირად არ უნდა იქნას დაშვებული, მაგრამ გიგა ბოკერიას ინიციატივა დღეს წამახალისებელი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის არის, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ფულის მოპარვას და დანაშაულის ჩადენას კიდევ უფრო მეტად გააგრძელებენ.
„ეს ნამდვილად არ არის ამომრჩევლის მოთხოვნა. ამომრჩევლის მოთხოვნა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ამას იმ პოზიციით ვამბობ, რა პოზიციასაც ყოველდღიურად ვისმენ ხალხის მხრიდან“, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისი თქმით, გიგა ბოკერია მის მიერ გაჟღერებული ინიციატივის განხორციელებას ვერ შეძლებს, რადგან ის დომინანტი და გადაწყვეტილების მიმღები არ იქნება.
„დარწმუნებული ვარ, ბატონ ბოკერიას არ მიეცემა ამ ინიციატივის განხორციელების საშუალება, რადგან ის არანაირად არ იქნება დომინანტი და გადაწყვეტილების მიმღები. როდესაც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებ და თავშივე აკეთებ განცხადებას, მე გადავწყვეტ, ვინ დაისაჯოს და ვინ არაო, ეს უკვე იმის განმარტებაა, რომ ჩემ მიერ იქნება მართული როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო და ყველა ძალოვანი სტრუქტურა, რომელმაც ესა თუ ის დანაშაული უნდა გამოიძიოს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.