გიორგი ბოტკოველი - ნებისმიერი თავმჯდომარის პირობებში, „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული და წარმატებული
ნებისმიერი თავმჯდომარის პირობებში, „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველასთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული და წარმატებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველმა უპასუხა კითხვას, თუ ხედავს თანამშრომლობის პესპექტივას „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“.
„რა თქმა უნდა, ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ, და როდის უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი ამაზე ნებისმიერი თავმჯდომარის პირობებში. თავმჯდომარე კი არ წყვეტს ამას, წყვეტს ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. დღეს ვიმყოფებით გარემოში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს სრულად უზურპირებული აქვს ყველაფერი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს ხელში ჩაგდებული, რითიც ყოველდღიურად ანადგურებს ქვეყნის ავტორიტეტს, ამაში ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული და წარმატებული, ვითანამშრომლებთ კი არა, ვიქნებით ერთმანეთის თანამებრძოლები ქვეყნის გადარჩენისთვის“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ბოტკოველი გამოეხმაურა „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ ახალი პოლიტიკის, ახალი ძალების გაერთიანების დროა.
ასევე, მან უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ნიკა მელია შეიძლება, თავის გუნდთან ერთად „ლელოს“ შეუერთდეს.
„გაერთიანების დრო ყოველთვის არის. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვინმემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს, თუმცა, თუ ვინმე ამას გადაწყვეტს, ვერც ამ გადაწყვეტილებას დაუშლის ვინმე. მაგრამ დღეს არის გაერთიანების დრო, რაც უნდა ემსახურებოდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას.
ჯერ ვერანაირ გაერთიანებას ვერ ვხედავ, ამ ყველაფერს სჭირდება დაჯდომა. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არის პროევროპულად განწყობილი და ვისი იდეოლოგიაც ქვეყნის განვითარებას ემსახურება, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ კოორდინირებული და ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დასრულებას ემსახურება, უნდა ვიყოთ ერთიანი“, – განაცხადა ბოტკოველმა.