გიორგი ბოტკოველი - დარწმუნებული ვარ, ყველას, ვინც ირიბად ან პირდაპირ ჩართულია ქვეყნის ღალატის პროცესში, სანქციები დაუწესდება
ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს პასუხი ქართველი ხალხის მიერ გაეცემა.
„ვაჭარი ადამიანიც გვინახავს, თაღლითიც, მაგრამ ადამიანი, რომ საკუთარი ქვეყნით ვაჭრობდეს თავისი ფულის გადასარჩენად, ეს ყოველგვარ ზღვარს გადასული ქმედებაა. ვინმე თუ ვერ ხედავდა, რატომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში და აქამდე რას ჩადიოდა, ახლა ყველამ კარგად დაინახა. ტიპური ვაჭარია, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, თუმცა მას პასუხი ქართველი ხალხის მიერ გაეცემა. დარწმუნებული ვარ, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და ყველას, ვინც ირიბად თუ პირდაპირ ჩართულია ქვეყნის ღალატის პროცესში, სანქციები დაუწესდება“, – აღნიშნა ბოტკოველმა.