გიორგი ბოტკოველი - არჩევნები მოგვცემს საშუალებას, უფრო ქმედითი გახდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ხელის შემშლელი იქნება ნებისმიერი ჩასაფრებული პოზიცია, რასაც ჩვენი მეგობრებისგან ვისმენთ
გიორგი ბოტკოველი - არჩევნები მოგვცემს საშუალებას, უფრო ქმედითი გახდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ხელის შემშლელი იქნება ნებისმიერი ჩასაფრებული პოზიცია, რასაც ჩვენი მეგობრებისგან ვისმენთ

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გაძლიერება, ხელი უნდა შეუწყოს პროცესს და არა – შეუშალოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ბოტკოველი „ნაციონალური მოძრაობის“ ჭიათურისა და ხობის ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ პოსტის დატოვებას გამოეხმაურა.

„უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გამოცხადებულია ღია, გამჭვირვალე არჩევნები. გაუგებარია განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიმართული დაპირისპირების გამოწვევისა და რაიმეს გაღვივებისკენ. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გაძლიერება, ხელი უნდა შეუწყოს პროცესს და არა – შეუშალოს. ჩემთვის მხოლოდ დასანანი იქნება არჩევნებში ნებისმიერი ადამიანის არმონაწილეობა, თუმცა ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს პირადად ესაუბრა და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ პარტიის ახალ მენეჯმენტს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ეს არის ტყუილი, პირადად მე მქონდა კომუნიკაცია ყველა თავმჯდომარესთან. არჩევნების შემდეგ გვქონდა მათთან საუბარი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ ვის მისცა ხმა. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ გეგმად, მიზნად რჩება სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, თავისუფლება. სწორედ ამას უნდა მოემსახუროს ჩვენი გაძლიერება ყველა მუნიციპალიტეტში. ეს არჩევნები მოგვცემს საშუალებას, უფრო ქმედითი, აქტიური გახდეს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ცენტრალური პოზიციებით, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. ხელის შემშლელი იქნება ნებისმიერი ჩასაფრებული პოზიცია, რასაც ჩვენი მეგობრებისგან ვისმენთ. ეს არც პარტიას და არც მათ საქმიანობას არ წაადგება“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ამასთან, როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, არავის არავისთვის მიუთითებია, მათ შორის არც ია ჯიშკარიანისთვის, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პოზიციაზე თავისი კანდიდატურა არ დაეყენებინა.
„პირადად მქონდა შეხვედრა, საუბარი იმაზე, რომ არაფერს ნიშნავს, ვინ გახდა პარიის თავმჯდომარე. მთავარია, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პოზიციონირებდე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არა – განაწყენებულის პოზიციიდან. მისი გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ეს არავის მიუთითებია“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.