გიორგი ბარამიძე - საქართველო 27 ოქტომბერს გაიღვიძებს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის ომის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას და „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო გასამართლების შესახებ მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
გიორგი ბარამიძის თქმით, საზოგადოება მათ 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ მოღალატეობრივ განცხადებას, რომელიც გააკეთა ივანიშვილის კრიმინალური ბანდის წარმომადგენელმა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გაერო-ში გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ. გუშინ ვიხილეთ „ქართულ ოცნებად“ წოდებული ამ კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომლებმაც კი არ აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და შეეშალათ, არამედ კვლავ დაიწყეს იმავეს ლაპარაკი და გააგრძელეს საქართველოს დადანაშაულება რუსეთის საამებლად, პუტინის დავალების შესაბამისად, რუსეთისთვის სისხლიანი ხელების მოსაწმენდად. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ისინი კი არ ცდებიან და შემთხვევით კი არ მოსდით რაიმე, არამედ პუტინის რეჟიმმა მოღალატეთა ბანდა მოიყვანა ხელისუფლებაში, რადგან სწორედ ეს ღალატი ჩაედინა და, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტების მიუხედავად, რომლებიც, ცხადია, პუტინს არ მოეწონა, ამ ბანდამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ილაპარაკოს, რომ არა რუსეთი, არამედ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე ომის გაჩაღებაში საქართველოსვე ტერიტორიაზე. ეს არის მიზანი, რისთვისაც მოიყვანა პუტინმა ეს ბანდა ხელისუფლებაში და ეს არის მიზეზი, რატომაც ზის დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში, რატომაც ჰყავთ ბიძინა ივანიშვილსა და პუტინს ტყვედ.
ყველამ დავინახეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უფრთხის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არის მთავარი პრობლემა, ამ მოღალატეთა ბანდის მთავარი პოლიტიკური საპირწონე. ამიტომ ივანიშვილს ეშინია, დაკარგოს ხელისუფლება, პუტინს ეშინია, დაკარგოს მეხუთე კოლონა, რომელიც აქამდე შეინახა შავი ფულით, კრემლის მიერ მართული ცილისწამებითა და დეზინფორმაციის ნიაღვრით, მოღალატეთა და კორუმპირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არ აქვს ფასეულობა და, როგორც ყველამ ვნახეთ, ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს; რომელსაც არც კი რცხვენია, რუსეთი მათ განცხადებას სიტყვასიტყვით რომ იყენებს მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი ორგანიზაციის ტრიბუნიდან. ეს არის არა გამოცხადებული, არამედ უკვე დადასტურებული ღალატის ფაქტი. დარწმუნებული ვარ, ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა და 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს ამ მოღალატეთა ბანდას. საქართველო 27 ოქტომბერს გაიღვიძებს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, საზოგადოება იქნება თავისუფალი კრემლის მარწუხებისგან, ყველანი დავუბრუნდებით საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანების გზას, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიან გამთლიანებამდე, იმ ცხოვრებამდე, რომელიც ჩვენი საზოგადოების მიზანია: დევნილების დაბრუნება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მაღალი პენსია, დაბალი ფასები, მაღალი ხელფასები, ღირსეული სამუშაო ადგილები. ეს არის, რასაც წინ ეღობება მოღალატეთა ბანდა და რასაც 26 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს ქართველი ხალხი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.