გიორგი ბარამიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ქართული ოცნების“ გუშინდელ გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა გამოხმაურებები, ეს არის კიდევ ერთი გატეხილი სიტყვა, შებრუნებული ზურგი დასავლელ პარტნიორებთან
ეს არის კიდევ ერთი გატეხილი სიტყვა, კიდევ ერთი შებრუნებული ზურგი ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ქართული ოცნების“ გუშინდელ გადაწყვეტილებას მყისიერად გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი და ევროკავშირის ელჩი. მათ განცხადებებში ნათქვამია კიდევ ერთი დარღვევა იმ პირობებისა, რა პირობებითაც თანამშრომლობს აშშ და ევროკავშირი საქართველოსთან, როგორც იმ ქვეყანასთან რომელიც დეკლარატიულად თითქოს ცდილობს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციას. ეს არის კიდევ ერთი გატეხილი სიტყვა, კიდევ ერთი შებრუნებული ზურგი ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან, კიდევ ერთი არგუმენტი იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს და ვისაც უნდა, რომ ქვეყანა იყოს ქართული, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფო, რომელსაც უნდა, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, იყოს ფეხზე დამდგარი, აყვავებული, ნორმალური ქვეყანა, ამის პოტენციალი და შესაძლებლობა საქართველოს აქვს, თუ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიქნებით. არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, როგორც გავრილოვის ღამეს, ოკუპაციის გაპროტესტებისთვის ბავშვებს თვალები დასთხარეს, ახლა ასე ცინიკურად ეუბნებიან უარს აღებულ ვალდებულებებს და ამბობენ, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო.
ასე არ არის, ბატონებო, ამას ხედავენ ჩვენი მეგობრები და შესაბამისადაც აფასებენ. ვისაც ესმის ინგლისური, ინგლისურად წაიკითხავს, ელჩები სპეციალურად ქართულადაც უკვე თარგმნიან, რომ ვისაც არ ესმის ინგლისური, ქართულად წაიკითხონ. აშშ-ის საელჩო მარკერით უხაზავდა, რა პირობებიც დადო „ოცნებამ“ და რა დაარღვია. ამ დღეში ვართ და ნათელია, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. ის ეპითეტები, რასაც ვიყენებთ: კრიმინალური, მოღალატეთა, პუტინთან მოთანამშრომლე რეჟიმი, ასეა, ჩვენდა სამწუხაროდ. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს მტრობას, მაგრამ ისინი მტრობენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად, ძალადობის გარეშე მოვიცილოთ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ, შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა.
ჰარცელის თქმით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას, ასევე, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას, „გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად“.
ასევე, განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც აღნიშნულია, რომ „დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, განაახლებდნენ ძალისხმევას, ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე და მათ პირობა უნდა შეასრულონ.
ასევე, საელჩო განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ უარი მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის მხარდაჭერაზე, ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ ნებას, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“. საელჩოს განცხადებით, ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.