გიორგი ბარამიძე - რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევება მართალია დაგვიანებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რასაც მივესალმებით
რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევება მართალია დაგვიანებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რასაც მივესალმებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუმცა, ეს თავის დროზე, მაგალითად, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ რომ ყოფილიყო, ქართული საზოგადოებისთვის უფრო გასაგები იქნებოდა“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, როცა ბრიტანეთის და მის მიმართ სოლიდარობის გამომხატველი ქვეყნების მხარდაჭერა გვჭირდება, ეს მხარდაჭერა გვაქვს და რომ არა ეს, აქამდე საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა არ იარსებებდა.
„რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი მოუშუშებელი ტკივილია, მაგრამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით, დასავლეთის, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან მტკიცე პოზიცია რომ არა, ტერიტორიების ის დანარჩენი 80%-იც არ გვექნებოდა“, – განაცხადა ბარამიძემ.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მეორე მხრივ, რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას აბსოლუტურად არათანმიმდევრული მიდგომა აქვს, რაც ჩვენს მეზობლებსა და მეგობრებს კიდევ უფრო მეტად აბნევს.
„ეს მოქმედება კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ უნდა იყოს. რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ჩვენს ქვეყანას ყველა მოქმედებაში თანმიმდევრულობა სჭირდება. რუსეთს ხან კვირიკაშვილი წერს რაღაც წერილს ენის მოჩლექით და ხან რუს დიპლომატს ვაძევებთ. ეს აბსოლუტურად გაუგებარია. არასწორი, არათანმიმდევრული ნაბიჯები და სრულიად სხვადასხვაგვარი გზავნილები პრობლემას ქმნის“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.