გიორგი ბარამიძე - „პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთი მეხუთე კოლონაა, რომლის მიზანია, რუსეთის ინტერესები გაახმოვანოს
„პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთი მეხუთე კოლონაა, რომლის მიზანია, რუსეთის ინტერესები გაახმოვანოს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„მათი აზრით, ჩვენი ქმედებები იმ პრინციპით უნდა ავაგოთ, რომ თუ დათვი მოგვერევა, ბაბაია უნდა დავუძახოთ. თურმე, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, დანარჩენი საქართველოს დასაცავად რუსეთს თავი უნდა დავუხაროთ. რუსეთი პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში ერევა და ყველგან ჰყავს ჩანერგილი თავისი გავლენის აგენტურა, ორგანიზაციები, რომლებიც მასზე პირდაპირ მუშაობენ. ეს საიდუმლო აღარ არის და ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ამ განცხადებით გიორგი ბარამიძემ ირმა ინაშვილს უპასუხა, რომელმაც გადაცემაში ჩართვისას აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, როცა რუსეთი სამხედრო ტექნიკას აძლიერებს, სამხედრო ქალაქებს აშენებს და საქართველო წინა საომარ მდგომარეობაშია, საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევება შეცდომა იყო.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შემხვედრ ნაბიჯებს უნდა ველოდეთ რუსეთისგან, გიორგი ბარამიძემ თქვა, რომ სანამ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთი არ მოგვეშვება, მაგრამ მის მიმართ მაინც მტკიცე პოლიტიკა უნდა გავატაროთ.
„თუ მის მიმართ ერთი ბარტყი გადმომიგდე პოლიტიკას გავატარებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ბარტყებით არ დაკმაყოფილდება, სანამ შენ თვითონაც მთლიანად არ შეგჭამს. ჩვენ აგრესიულები არ უნდა ვიყოთ და რუსეთის მიმართ არანაირი აგრესიული ქმედება არ უნდა განვახორციელოთ, მაგრამ რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები პოლიტიკური და დიპლომატიური ფასის გადახდის გარეშე არ გავა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.