გიორგი ბარამიძე - პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ რადგან სხვა პარტიები შევიდნენ, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით, ჩვენც მოგვიწია შესვლა, ახლა გამოსვლა მარტივიც არ არის, თუმცა არ გამოვრიცხავ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, თავის დროზე, პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მოუწიათ.
ბარამიძე პარლამენტიდან გამოსვლას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ პროცესმა „ქართული ოცნება“ უნდა დააზიანოს და არა ოპოზიცია.
„პარლამენტში ჩვეულებრივ საქმიანობის გაგრძელება წარმოუდგენელია, ეს ფაქტია. რაც შეეხება პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხს, საზოგადოებამ კარგად იცის ჩემი პირადი აზრი, რომ წინააღმდეგი ვიყავი შესვლის, მაგრამ რადგან სხვა პარტიები შევიდნენ, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით, იმიტომ რომ ეს პირობა დაგვიყენეს, თუ გინდათ, რომ ჩვენ მხარი დაგიჭიროთ, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. გვესმის, გავიგეთ სხვა ჩვენი პროდასავლური პარტიების არგუმენტები, თუმცა არ უნდა გაეკეთებინათ ეს ჩვენს ნაცვლად, მაგრამ გააკეთეს და ჩვენც მოგვიწია შესვლა პარლამენტში. ახლა იქიდან გამოსვლა ასე მარტივი ამბავიც არ არის, მაგრამ მე პირადად არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს უნდა იყოს პროცესის კულმინაცია. ამ პროცესმა „ქართული ოცნება“ უნდა დააზიანოს და არა ოპოზოცია და „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.