გიორგი ბარამიძე - ნურავინ შეეცდება ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით გაუგებრობა შემოიტანოს საზოგადოებაში, ტერმინი რევოლუცია აუცილებლად არ ნიშნავს ძალადობას ან რაიმე არაკანონიერ ქმედებას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შესაძლო რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მათთვის მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლის ფორმაა მისაღები.
„ვგულისხმობ ყველა ცივილიზებულ, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლის ფორმას, რაც არის ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მისაღები, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს, როდესაც ხელისუფლებამ, ივანიშვილმა, პუტინის გეგმის შემსრულებელმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დარჩეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს დამანგრეველი პოლიტიკა. ბუნებრივია, ნებისმიერი დემოკრატიული და მშვიდობიანი ფორმა პროტესტისა და ბრძოლისა არის, როგორც მისაღები, ისე აუცილებელიც კი. აქედან გამომდინარე, ნურავინ შეეცდება ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით გაუგებრობა შემოიტანოს ჩვენს საზოგადოებაში. ტერმინი რევოლუცია აუცილებლად არ ნიშნავს არც ძალადობას, არც რაიმე არაკანონიერ ქმედებას, ამიტომ ვიღაცას რევოლუცია თუ მიაჩნია ძალადობად და თოფის სროლასთან და უბედურებასთან ასოცირდება, რა თქმა უნდა არა და კატეგორიულად არა, ამაში ჩვენ, ყველანი ერთნი ვართ. დანარჩენს, მშვიდობიანი ბრძოლის ფორმებს, შეფასებებს და დეფინიციას ვინ როგორს მისცემს, ეს მისი პოლიტიკური გემოვნების საკითხია.
მთავარია, ყველანი ვიყოთ კონსტიტუციის და კანონების ჩარჩოებში და როგორც აქამდე ვიბრძოდით ისე გავაგრძელოთ ბრძოლა. ხაზს ვუსვამ მშვიდობიანი არაძალადობრივი მეთოდებით და ეს ბრძოლა არათუ დასაშვებია, არამედ აუცილებელია იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც გადაწყვიტა პარლამენტის უმრავლესობა წაართვას იმ ხალხს, იმ პარტიებს, რომელიც უმრავლესობამ აირჩია. თვითონ ოლიგარქის ჯიბის ცესკომაც აჩვენა, რომ 52 პროცენტი ხმას აძლევს ივანიშვილის ოპოზიციაში გადანაცვლებას. ივანიშვილი ცდილობს დარჩეს ხელისუფლებაში. რადგან ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და ამ ეტაპზე არანაირ რეალურ არსებით კომპრომისზე ხელისუფლება არ აპირებს წამოვიდეს, ბუნებრივია პროტესტის სხვადასხვა ფორმა არის აუცილებელი, ეს იქნება ქუჩაში, დარბაზში, ტელესტუდიაში თუ ნებისმიერი სხვა ფორმა მშვიდობიანი არაძალადობრივი ბრძოლის იქნება გამოყენებული, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ისე სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს სამოქალაქო ჯგუფების სამოქალაქო აქტივისტების არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებით გააქტიურებული სამოქალაქო საზოგადოების როლი. ყველას კონსოლიდაცია უნდა მოხდეს და ამ მშვიდობიანი ფრონტით ერთიანად უნდა შევუტიოთ ამ რეჟიმს. ეს ბრძოლა, დარწმუნებული ვარ აუცილებლად ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს დაესწრება.
„რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები თავს იწუხებენ, საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს გვერდში უდგანან და ცდილობენ, რამენაირად ყველა შანსი გამოიყენონ ცივილიზებული ფორმით შეთანხმების მისაღწევად, მზად არიან იყვნენ შუამავლები, მედიატორები, რა თქმა უნდა ჩვენც აქედან გამომდინარე, მივიღებთ მონაწილეობას მასში, რომ რეჟიმს არ მივცეთ საბაბი თქვას, ჩვენ ბოლო მომენტში, მზად ვიყავით გონივრულ კომპრომისზე წავსულიყავით და იმის გამო, რომ ვინმე არ დაესწრო ამ მოლაპარაკებებს ჩაიშალა ეს ყველაფერიო“, – განაცხადა ბარამიძემ.