გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილს უკრაინის არცერთი კანონი არ დაურღვევია
გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილს უკრაინის არცერთი კანონი არ დაურღვევია

რაც უკრაინაში ხდება, შესაძლოა, მშვიდობიანი რევოლუციაც იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვარდების რევოლუციაც“ რევოლუციად მოინათლა, მაგრამ ეს იყო მშვიდობიანი რევოლუცია კონსტიტუციის ჩარჩოებში. ის, რაც უკრაინაში ხდება, ასევე კონსტიტუციის ჩარჩოებშია, რადგან ეს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმაა. ასევე კონსტიტუციის ჩარჩოებშია გადამწყვეტი ბრძოლის დაანონსებაც“, – განაცხადა ბარამიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, დაკავებული მიხეილ სააკაშვილის სამართალდამცავთა მანქანიდან ძალით გათავისუფლება ასევე, არის თუ არა კონსტიტუციის ჩარჩოებში, გიორგი ბარამიძემ თქვა, რომ ეს ფაქტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია.

„ეს არის მშვიდობიანი ბრძოლის ფორმა. თუ ვინმე სამართალდამცველს დაეჯაჯგურება, ეს სამართალდარღვევაა და ამას ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით, შესაბამისი სასჯელი მოსდევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა. თავად მიხეილ სააკაშვილს დღეს უკრაინის არცერთი კანონი არ დაურღვევია. ის მანქანაში ბორკილებდადებული იჯდა და მისმა მომხრეებმა გადმოიყვანეს. თუ უკრაინის პროკურატურა ჩათვლის, რომ მისი მომხრეების მიერ კანონი დაირღვა, ხვალ და ზეგ დავინახავთ, წაუყენებენ თუ არა ბრალს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

გიორგი ბარამიძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს უკრაინა კორუფციის თვალსაზრისით იმაზე უარეს დღეშია, ვიდრე იანუკოვიჩის დროს იყო და იმაზე უარეს დღეში – ვიდრე საქართველო იყო „ვარდების რევოლუციამდე“.

„ეკონომიკის მინისტრობისას და მაიდნის მოვლენების დროს პოროშენკო მთლიანობაში ცდილობდა, პროგრესის ძალა განესახიერებინა, რომელსაც ევროპული, ძლიერი უკრაინა სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, მისდაუნებურად, ფულის სიხარბემ გადაწონა თუ ფულის სიყვარულმა. არ ვიცი, ფსიქოანალიზს ვერ ჩავატარებ. როცა ფრონტის წინა ხაზზე მყოფ საკუთარ ჯარს ფულს პარავ, ამით პუტინის საქმეს აკეთებ. შესაძლოა, ამას იმიტომ აკეთებ, რომ გამდიდრება გინდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! შენ ამით საკუთარ ქვეყანას მტრობ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.