გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილმა შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სალომე ზურაბიშვილის მოვალეობაა, ის გაათავისუფლოს
მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა ქარში, წვიმაში, სიცივეში, იდგა რიგში და ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ყველა პატრიოტის ვალია, იყოს მიხეილ სააკაშვილის გვერდით.
„სიმბოლურად ვართ ამ დიდ გზაზე, გორში შეკრებილი. ქართლის შუაგულში, რომელმაც ყველაზე მეტად განიცადა ის სიმძიმე, რასაც ნეოიმპერიალისტურ ძალებთან დაპირისპირება და სამშობლოსთვის ბრძოლა ჰქვია, რომლის სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი, რატომაც ზის ის დღეს ციხეში, რატომაც არის პუტინის პატიმარი და რატომაც არის მიხეილ სააკაშვილი მთავარი მებრძოლი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი სამშობლოს ყველა პატრიოტის ვალია, იყოს მიხეილ სააკაშვილის გვერდით. შეიძლება, არ ეთანხმებოდეს მას პოლიტიკურად, მაგრამ შეუძლებელია, არ აცნობიერებდე მიხეილ სააკაშვილის როლს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში, ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. სწორედ მიშა არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს გაუხსნა გზა ევროკავშირში. საქართველოს დროშებთან ერთად, ევროკავშირის დროშები შემთხვევით არ გვიჭირავს ხელში – ევროკავშირი არის საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების გზა, ნატო-სთან ერთად. ევროკავშირი, ნატო-სთან ერთად, არის საქართველოს უკეთესი მომავლის გზა, ჩვენი ხალხის დასაქმების გზა, ჩვენი დევნილების, ემიგრაციის საქართველოში დაბრუნების გზა. ეს არის ის, რის გამოც დღეს სააკაშვილი ზის ციხეში, რის გამოც მას პუტინი დაუპირისპირდა. ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, ყველა ნაბიჯს, ყველა ხელმოწერას, ყველა მიმართვას, იქნება ეს დე ფაქტო პრეზიდენტისადმი, რომელიც დასვა თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა მასთან არის დაპირისპირებული, თუ ევროკავშირის პრეზიდენტების მიმართვა, ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ამ რეჟიმის მთავარი ადამიანებისთვის ჩალის ფასია. ჩვენთვის არ არის ჩალის ფასი ევროკავშირი, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები და რეზოლუცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების პოზიცია, ასევე, თითოეული ქართველის ხელმოწერა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომელსაც არ შეეშინდა, მოვიდა და ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, რომელზეც ზურაბიშვილი ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს. მისი მოვალეობაა, სააკაშვილი გაათავისუფლოს, რადგან თუ მისი სიტყვები არ არის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები და თუ მართლა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით პოლიტიკური პატიმრებით, მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკური პატიმრით, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ადამიანი, რომელმაც შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ამიტომ მისი მოვალეობაა, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს დღეს გადასცემენ.