გიორგი ბარამიძე - მელიას განცხადება არასერიოზულია, სამწუხაროა, რომ სააკაშვილის სიტყვები აბუჩად აიგდო, სადღეგრძელო რომც ყოფილიყო, სადღეგრძელოს დროს სიმართლეს ლაპარაკობენ, იმას, რაც გულში აქვთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განაცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტთან დაკავშირებით ნიკა მელიას დღევანდელი განცხადება არასერიოზულია.
საუბარია განცხადებაზე, სადაც ნიკა მელია ამბობს: „პარტიის გახლეჩის, ნგრევის გარდა, დღემდე „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია. სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი. როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო“.
გიორგი ბარამიძის თქმით, ყველამ უნდა მოახერხოს, რომ პირადი ამბიციები, წყენები უკანა პლანზე გადაწიოს.
„ნიკა მელიას ეს განცხადება არასერიოზული და რაც მთავარია, არასწორია. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ხელმძღვანელობას პარტიიდან არავინ გაურიცხავს, ყველას შეუძლია, თვალყური ადევნოს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობას ყველა მიმართულებით – რეგიონებში ახალი ოფისების გახსნას, „გამარჯვების პლატფორმის“ ჩამოყალიბებას, რომელსაც შემოუერთდა ერთ-ერთი მთავარი პროდასავლური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. ასევე თვალყური ადევნოს ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარის სურვილს, რომ რამე შეცდომები თუ იყო დაშვებული, პრობლემები თუ არსებობს გუნდის შიგნით, ეს კოლეგიალურად, მეგობრულად განვიხილოთ, ისე, როგორც თანამებრძოლებს ეკადრებათ, სწორედ იმ სულისკვეთებით, რასაც სააკაშვილი და ჩვენი გუნდის მთავარი ლიდერი გვეუბნება. ერთად დავსხდეთ და ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, გადავწყვიტოთ, რადგან ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს, ყველამ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი პირადი ამბიციები, წყენები უკანა პლანზე გადავწიოთ და წინა პლანზე დავაყენოთ საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამისთვის არის საჭირო ერთიანობა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ნიკა მელიამ პრაქტიკულად აბუჩად აიგდო სააკაშვილის სიტყვები. თან ასეთ კონტექსტში. ჩემთვის სადღეგრძელო რომც ყოფილიყო, ქართული ტრადიციების მიხედვით ასეა, მე ასე ვიცი, რომ სადღეგრძელოს დროს კაცები თუ ქალბატონები სიმართლეს ლაპარაკობენ, იმას, რაც გულში, გონებაში აქვთ, თუმცა ეს არ არის სადღეგრძელო. ეს არის პუტინის ტყვეობაში მყოფი, სიკვდილთან მებრძოლი, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი პრეზიდენტის ტკივილით სავსე ძალიან ბრძნული სიტყვები, მოწოდება თითოეული პატრიოტისადმი, პირველ ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისადმი, რომ ჩვენი პირადი ამბიციები, წყენები გადავწიოთ უკანა პლანზე, ხოლო საქართველო, საქართველოს ინტერესები დავაყენოთ წინა პლანზე. მივაღწიოთ იმ ერთიანობას, რომელიც აუცილებელია რუსული მოღალატეობრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გასაშვებად“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მედიის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს სალომე ზურაბიშვილისა და ნიკა მელიას შეხვედრის შესახებაც დაუსვეს კითხვა.
„ნამდვილად ვერ გეტყვით, რა სტატუსით შეხვდა ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს. მას უნდა ჰკითხოთ, რა სტატუსით მიიწვია. მას აქვს უფლება, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტს, ვისაც უნდა, იმას შეხვდეს. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ვერაფერ ინტერპრეტაციას ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა ბარამიძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, გიორგი ბარამიძის თქმით, ამაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ „ქოცების“ ამ ბინძურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებთ. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების უხეში გაყალბებით თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ დასვა ამ თანამდებობაზე და დღეს დე ფაქტო პრეზიდენტია. ახლა ამ რეჟიმმა იმდენად მოიჭრა თავი პრორუსულობით, რომ მათ მიერვე დანიშნული დე ფაქტო პრეზიდენტი ეწინააღმდეგება მათ. აღარ მოსწონთ პრეზიდენტის სიტყვები, ქმედებები, როცა ევროპაში დადის და ევროპელ ლიდერებს ეუბნება, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს სულაც არ არის ჩემთვის გასაკვირი, რადგან ისინი პუტინის დავალებას ასრულებენ. მაშინ მოსწონდათ, როდესაც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, ახლა ევროპაში რომ დადის საქართველოს ევროპული მომავლის ადვოკატირებისთვის, აღარ მოსწონთ.
ჩვენ ღიად მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, ვიდრე უცხოეთში ივლის და თავის კოლეგებს მოუწოდებს, საქართველოს ევროინტეგრაციას დაუჭირონ მხარი, პირველ ყოვლისა, სჯობს, ის გააკეთოს, რაც მას კონსტიტუციით არათუ შეუძლია, არამედ ევალება. მას ევალება, საქართველო დააახლოოს ევროპულ სტანდარტებს. ერთ-ერთი პუნქტი წერია დეპოლარიზაცია და სამართლიანი სასამართლო, ორივე პუნქტის მიმართულებით შეუძლია გადადგას ნაბიჯი, თუ პუტინის პირად ტყვეობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გაათავისუფლებს. ეს იქნება მისი წვლილი საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში. ამას თუ არ აკეთებს, მისი სიტყვების გულწრფელობა ნამდვილად ეჭვის ქვეშ დგება“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.