გიორგი ბარამიძე - იმგვარი მშვიდობიანი სცენარისთვის, როგორიც „ვარდების რევოლუცია“ იყო, მზად ვარ
იმგვარი მშვიდობიანი სცენარისთვის, როგორიც „ვარდების რევოლუცია“ იყო, მზად ვარ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ჩვენი ამოცანა და მიზანი არ არის, მაგრამ თუ ხელისუფლებამ ყველაფერს გადაუარა, ხაზი ყველაფერს გადაუსვა, ხალხი, კანონი, უკაცრავად და, ფეხზე დაიკიდა, იმგვარი მშვიდობიანი სცენარისთვის, როგორიც ვარდების რევოლუცია იყო, მზად ვარ“, – განაცხადა ბარამიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს აქვთ უფლება, გააპროტესტონ, წინააღმდეგობაც გაწიონ და მიხეილ სააკაშვილის სატუსაღოში ჯდომას ხელი ყველანაირად შეუშალონ.
„როცა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის და საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელების ხელში იყო და ვითარდებოდა სცენარი, რომ მისი საქართველოში ექსტრადირება მომხდარიყო. ბუნებრივია, მისი მომხრეები აქ გულ–ხელდაკრეფილი არ ვისხდებით და მშვიდობიანი გზით ყველაფერს გავაკეთებთ, რაც კანონითა და კონსტიტუციით დასაშვებია“, – განაცხადა ბარამიძემ.
პირველი არხის ჟურნალისტის ანა ბროლაძის შეკითხვაზე, კარგავს თუ არა აზრს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალ დაანონსებული აქცია იმ ფონზე, როცა უკრაინაში ვითარება შეიცვალა და მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ხვალინდელი აქცია სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის გამომხატველია.
„ამავდროულად, ეს აქცია არის ხელისუფლებისადმი გამაფრთხილებელი, რადგან ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ არა ერთადერთ, მაგრამ ერთ–ერთ ვერსიად განიხილება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, თუ უკრაინაში მისი დაკავება მოხერხდა. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ გულ–ხელდაკრეფილი ჯდომას არ ვაპირებთ და ყველა მშვიდობიანი მეთოდით ვიბრძოლებთ, რაც კანონით არის განსაზღვრული“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინელმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილი ისე გაათავისუფლა, წინასწარ არანაირი სცენარი არ დაწერილა და არავისი მითითება არ ყოფილა.
„საქართველოში სცენარი როგორი იქნება, ამას მე არ ვწყვეტ. დღეს უკრაინელმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილი ისე გაათავისუფლა, წინასწარ არანაირი სცენარი არ დაწერილა და არავისი მითითება არ ყოფილა. სიმართლე ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის მხარესაა. ის განასახიერებს პროგრესს და ის ამის სიმბოლოა. ვისთვისაც ეს იდეა, სიმბოლო ძვირფასია, ხვალ აქციაზე მოვა და თავის პოზიციას საჯაროდ გამოხატავს. დარწმუნებული ვარ, ხვალ ბევრი ისეთი ადამიანიც მოვა, ვისაც შესაძლოა, პირადად მიხეილ სააკაშვილი არ აღელვებდეს, მაგრამ აღელვებდეს ბევრად უფრო დიდი – საქართველო და მისი წინსვლა–განვითარება“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.