გიორგი ბარამიძე - გიორგი ვაშაძის განცხადებები და მოქმედებები გვაიძულებს, რომ მასთან მიმართებაში ფრთხილად ვიყოთ
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის არაგულწრფელი განცხადებები და მოქმედებები გვაიძულებს, რომ მასთან მიმართებაში ფრთხილად ვიყოთ,- ასეთი განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ სააგენტო „აიპრესთან“ საუბრისას.
სააგენტომ ინტერვიუს დროს ბარამიძეს მიმართა კითხვით, რომელიც შეეხებოდა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილთან ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს.
„უკაცრავად, მაგრამ ყველაზე კარგი ურთიერთობა როგორ აქვს? ეგეც ხომ მეტყველებს, ადამიანს რამდენად შეიძლება ენდო? გიორგი ვაშაძეს ჩემზე, გრიგოლ ვაშაძეზე ან „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრებზე უფრო ახლო ურთიერთობა აქვს მიშა სააკაშვილთან? მთელ რიგ მიმართულებებზე მისი მხრიდან არასწორი, არაგულწრფელი განცხადებები და მოქმედებები გვაიძულებს, რომ მასთან მიმართებაში ფრთხილად ვიყოთ, გარდა იმისა, რომ მიგვატოვა“,- აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.