გიორგი ბარამიძე - გავრცელებული ჩანაწერი შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერისგან, ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ნაწილი ჩაწერილია 2017 წლამდე, შესაბამისად, ამ რეჟიმის მიერ
გავრცელებული ჩანაწერი შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერებისგან, ეს არის ჩვეულებრივი პუტინისტი ქოცობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, უკანონოდ ჩაწერა „საბჭოთა კაგებეშნიკური საქციელია“.
„მე გამოვაქვეყნე ჩემი პოზიცია „ფეისბუქზე“, ვფიქრობ, ყველა ნორმალურ ადამიანს ეს პოზიცია აქვს. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ვიღაც იწერს ადამიანს უკანონოდ, ეს არის ძველი, საბჭოთა კაგებეშნიკური საქციელი ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ეს ჩანაწერი, რომელიც შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერისგან, ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ნაწილი ჩაწერილია 2017 წლამდე, შესაბამისად, ამ რეჟიმის მიერ არის ჩაწერილი. ვის აქვს ჩაწერის საშუალებები? ხელისუფლებას. ეს არის კაგებეშნიკობა, ვინც ამას უკანონოდ აკეთებდა, დღეს ჩვეულებრივი პუტინისტი ქოცობაა“, – განაცხადა ბარამიძემ.
სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.