გიორგი ბარამიძე - ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ნორმალური ადმინისტრაციითა და შესაბამისი კანონმდებლობით
ერთადერთი გზა არის ნორმალური ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკური დევნის არმქონე გარემოში, ნორმალური ადმინისტრაციითა და შესაბამისი კანონმდებლობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძე განაცხადა.
როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და ქართველი ხალხს ნების გამოხატვის უფლება უნდა მისცენ.
„რას ნიშნავს მათთვის წითელი ხაზია რიგგარეშე არჩევნები? წითელი ხაზია ის, რომ ქართველი ხალხის ნების გამოხატვის უფლება და საშუალება არ მისცენ ჩვენს საზოგადოებას? ეს არ გამოვა, მათ უკან უნდა დაიხიონ ე.წ. წითელი ხაზიდან, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება. ეს არის ყველაზე მთავარი და ამას გვირჩევს მთელი ცივილიზებული სამყარო. როგორც ეს იყო აშშ-ს საელჩოს განცხადებაში იყო ნათქვამი, კრიზისი უნდა დაიძლიოს და კრიზისი როგორ დაიძლევა ნებისმიერ თუნდაც მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყანაში – რა თქმა უნდა, არჩევნებით, მით უმეტეს საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყანაში, ამიტომ გაჯიქება ამ აბსურდულ, არასახელმწიფოებრიც, არაცივილიზებულ და არასწორ პოზიციაში არის ძალიან ცუდი და დამაზიანებელი, არამარტო ამ გავრილოვების ბანდისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის და მათ უნდა გააცნობიერონ თავისი პასუხისმგებლობა, თუ ისინი ამას შეძლებენ, მაშინ რა თქმა უნდა, შეეძლებათ გავიდნენ ქართველი ხალხის წინ ამ არჩევნებზე თანაბარ, კონკურენტულ გარემოში და კიდევ ერთხელ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, იქნებ ახლა ქართველმა ხალხმა მოიწონოს მათი საქციელი და მათ დაუჭიროს მხარი. მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ ეს უნდა იყოს თანაბარი კონკურენცია – სხვა გამოსავალი არ არის. კრიზისი არსებობს და ეს არის ნათელი, რომ კრიზისი არსებობს. მეტი კიდევ რა უნდა მოხდეს, უნდა დაგვექცეს მთელი ქვეყანა თავზე? სიღარიბისგან და შიმშილისგან უნდა დაგვეხოცოს ხალხი რომ გონს მოეგონ? ერთადერთი გზა არის ნორმალური ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკური დევნის გარეშე გარემოში, ნორმალური ადმინისტრაციითა და შესაბამისი კანონმდებლობით“, – განაცხადა ბარამიძემ.