გიორგი ბარამიძე - არ მგონია, რომ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელწამოსაკრავი იყოს
გიორგი ბარამიძე - არ მგონია, რომ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელწამოსაკრავი იყოს

ჩვენ, ყველანი პარტიებს პატივს ვცემთ და არ მგონია, რომ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელწამოსაკრავი იყოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზურგსუკან ხდება რაიმე გადაწყვეტილების მიღება და მნიშვნელოვანი ინიციატივების გახმოვანება, ეს ძალიან დამაფიქრებელია.

„საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ სამდივნო და შემდეგ პოლიტიკური საბჭო. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხება, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ვთქვათ, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი პრემიერ-მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ზურგსუკან იყო გაკეთებული განცხადებები და კამპანიაც წარმოებული ამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, სამწუხაროდ ასევე, ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში, როდესაც თაკო ჩარკვიანმა დაასახელა თავისი კანდიდატურა თბილისის ერთ-ერთ ოლქში. საკმაოდ პრობლემატური ნაბიჯებია, მაგრამ ჩვენ ამ მომენტისთვის არ მიგვიღია არანაირი გადაწყვეტილება, იმის შესაცვლელად, რაც ადრე გვქონდა შეთანხმებული. თუმცა, თავისთავად, ეს ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების დ ამ შეთანხმების საწინააღმდეგოა. ბუნებრივია, საბოლოოდ როცა ჩამოვყალიბდებით და პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს, ეს ყველაფერი ერთიანობაში იქნება მიღებული მხედველობაში“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, პარტიაში ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი, ასევე მიმდინარეობს მოსამზადებელი საქმიანობა, რომელიც ახლა რეგიონებში კანდიდატების დასახელებას ეხება.

„ჩვენი ამოცანაა, არჩევნებზე ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან და ერთიანი პოზიციები გვქონდეს. იცით თქვენ, რომ სააკაშვილმა შესთავაზა პარტიებს ერთიანი სია, ეს არ იყო მიღებული, მაგრამ შეგვიძლია სხვა მიმართულებებითაც ვითანამშრომლოთ. ჩვენი შეთავაზება ძალაშია მაჟორიტარებთან მიმართებაში თბილისში, ამიტომ რვა მაჟორიტარული ოლქიდან, მხოლოდ ორში დავასახელეთ კანდიდატურა და ახლაც, ველოდებით ჩვენი პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ექვსივე ოლქს დააკომპლექტებენ ისინი. ახლა ექვსიდან ოთხი არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ყველა პარტიას უნდა ჰყავდეს თავისი მაჟორიტარული კანდიდატი, რადგან სადაც პარტიას ჰყავს თავისი მაჟორიტარი კანდიდატი, იქ პარტიულ სიას უფრო მეტი ხმის მიღების საშუალება აქვს.

„შესაბამისად, რაც მეტ ხმას მიიღებს თითოეული ოპოზიციური პარტიის პროპორციული სია, მით უფრო უკეთესია ყველასთვის. საბოლოოდ, დაჯამებულად უფრო მეტ ხმას მივიღებთ ყველანი ერთად. ვნახოთ როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში. რა სახის კონფიგურაციაც იქნება, იმის მიხედვით მივიღებთ ყველანი საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბარამიძემ.