გიორგი ბახტურიძე - თამბაქოზე აქციზი ყოველ წელს საშუალოდ 50 თეთრით უნდა გაიზარდოს
გიორგი ბახტურიძე - თამბაქოზე აქციზი ყოველ წელს საშუალოდ 50 თეთრით უნდა გაიზარდოს

თამბაქოს დამოკიდებულებისგან თავის არიდების, მოწევის შემცირებისა და ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ფასებისა და გადასახადების პერიოდული მატებაა, – ამის შესახებ პირველ არხს თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის გათანაბრებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

„დარჩა კიდევ ერთი „შავი ხვრელი“, ეს გახლავთ ე.წ. ხელით გასახვევი თამბაქო. სამწუხაროდ, მისი დაბეგვრის რეჟიმი საკმაოდ დაბალია – 1 კგ თამბაქოს ფოთოლზე 35 ლარს შეადგენს. 1 კგ თამბაქო კი, ალბათ 100 კოლოფ სიგარეტს დაამზადებს. გადასახადი აქაც 5-6 ჯერ უნდა გაზრდილიყო, რომ მწეველებმა არ დაიწყონ ხელით გასახვევ თამბაქოზე მასიურად გადასვლა“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

როგორც მან განმარტა, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ვალდებულია, აქციზის გადასახადის ჰარმონიზება მოახდინოს.

„აქციზის გადასახადი უნდა გახდეს კოლოფზე 1.8 ევროს ექვივალენტი ლარში. 2026 წლამდე უნდა მოვახდინოთ ჰარმონიზება და თუ დავიანგარიშებთ, ყოველ წელს აქციზი საშუალოდ 50 თეთრით უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ.

2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადო 60 თეთრი იყო.