გიორგი ბახტურიძე - 500-მდე შემოწმებული ობიექტიდან 92 პროცენტი თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნას იცავს
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ შემოწმებული 500-მდე ობიექტიდან 92 პროცენტი თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ კანონის მოთხოვნას იცავს.
კანონის აღსრულების ეფექტიანობაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს ალიანსის ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ ისაუბრა.
„მოწევის აკრძალვის მიმართულებით აღსრულების მექანიზმი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. დაახლოებით 500 ობიექტი შევამოწმეთ საქართველოს მასშტაბით და 92 პროცენტი იცავდა კანონს. დარღვევების 8 პროცენტი კი, მოწევის ნაწილს იმდენად არ მოიცავს, რამდენადაც ობიექტებზე ამკრძალავი ნიშნების არ ქონას. მსგავსი დარღვევები უფრო გამოიკვეთა, ვიდრე მოწევის ფაქტები. მოწევის ფაქტები უფრო დაფიქსირებული იყო სასკოლო და სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის თეატრებში. ჩემი ინფორმაციით, უკვე თეატრებმაც იღეს ყურად ის ინფორმაცია, რომ ისინი არღვევდნენ როგორც რეკლამის შესახებ კანონს, ისე თამბაქოს შესახებ კანონსაც“, – განაცხადა ბახტურიძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, პრობლემა იკვეთება სარეკლამო თვალსაზრისით – გარე რეკლამა აიკრძალა, თუმცა სავაჭრო ობიექტების შიგნით რეკლამა თავსდება და ამ საკითხს მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურებმა უნდა მიაქციონ ყურადღება.
„ამიტომ მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას, ეს ეხება ყველა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს, აუცილებლად გაატარონ კანონით დაკისრებული მოვალეობები. ხდება ამ საკითხის სპეციალურად უმეთვალყურეოდ დატოვება. მოვითხოვთ, ზედამხედველობის სამსახურები შევიდნენ სავაჭრო ობიექტებში და ყველა სახის რეკლამაზე მოახდინონ რეაგირება. 3000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული იურიდიული პირებისთვის და ყველა ობიექტი დააჯარიმონ“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, შს სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის შედეგად, მაისიდან დღემდე, დაჯარიმებულია 25 იურიდიული და 78 ფიზიკური პირი.
საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე. თამბაქოს მოწევა ნებადართულია რამდენიმე სახის შენობა-ნაგებობებში, მათ შორის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარსა და სამორინეში.