გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი - ცრუ ბრალდებებით შორს ვერ წავლენ, ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის გამოსავლენად
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი - ცრუ ბრალდებებით შორს ვერ წავლენ, ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის გამოსავლენად

ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის, თეიმურაზ წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის განცხადებაში, რომელიც ბაჩიაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

რობერტ ამსტერდამი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის 40 წელზე მეტი ხნის პრაქტიკაში არ ახსენდება, მსგავსი არარსებული მტკიცებულებებით ყოფილიყოს საქმე წარმოდგენილი. მისივე თქმით, ბოლომდე იბრძოლებენ სიმართლის გამოსავლენად.

„ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ჩემს კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს თავს ესხმის. წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს. ნუ მიიღებთ ჩემს სიტყვას და თავად შეხედეთ საჩივარს, რომელშიც არის დოკუმენტი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ამ ყალბი საქმის მთელ წინაპირობას.

საერთაშორისო სამართლის 40 წელზე მეტი ხნის პრაქტიკაში ვერ ვიხსენებ, რომ მსგავსი არარსებული მტკიცებულებებით ყოფილიყოს საქმე წარმოდგენილი – ფაქტი, რომელიც ზემოთ მოყვანილი განცხადებით კიდევ მეტად დადასტურდება. ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის.

ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღიად აჩენს თავის პერსონას ამ ბრალდებაში და როდესაც მისი წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქმე მთლიანად მის მიერ არის განპირობებული და არ არის დაფუძნებული რაიმე რეალურ გამოძიებაზე, ეს აბსოლუტურად ხაზს უსვამს მის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივაციას და ბიძინას გადაწყვეტილებას, რომ გამოიყენოს სახელმწიფო, რათა შელახოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანი რეპუტაცია.

ამ ცრუ ბრალდებებით ისინი შორს ვერ წავლენ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის გამოსავლენად“, – აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა ბიზნესწინადადებით, კერძოდ, შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში და ივანიშვილი დათანხმდა ამ წინადადებას. მისივე თქმით, მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ ეჭვების გაჩენის შემდეგ, ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. განცხადების თანახმად, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მოიპოვა მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციით, ასევე, შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მითვისებული თანხებით“. თეიმურაზ წიქვაძის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისთვის.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმეზე პროცესი 6 ივლისს გაიმართა, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.