გიორგი ბაჩიაშვილი - საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი ბიძგი იქნება, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს
საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი ბიძგი იქნება, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს, – ეს განცხადება თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ბაჩიაშვილმა გააკეთა.
როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის რამდენიმე კომპონენტია საჭირო და საპენსიო კაპიტალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კაპიტალია.
“ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის რამოდენიმე კომპონენტია საჭირო.უნდა იყოს ბირჟა, სადაც ამ ფასიანი ქაღალდების მიწოდება და ვაჭრობა უნდა იყოს. რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კაპიტალი უნდა იყოს, რომელიც ამ ფასიან ქაღალდებში მოხვდება. შესაბამისად ყველა უმეტესი ქვეყნის მაგალითზე საპენსიო კაპიტალი ერთ-ერთი ის მთავარი წყაროა, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის მიემართება. ვფიქრობ, რომ საპენსიო რეფორმა ის ერთ-ერთი ბიძგი იქნება, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.
თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება, განახორციელოს შენატანი. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული – საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხების ინვესტირება, რის შედეგადაც, მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება.
შესაბამისად, კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ მოქალაქეებს.
საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი – მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, ასაკის მიუხედავად.
საპენსიო აქტივების ინვესტირება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მოხდება.
პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.
კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.
საპენსიო რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. კანონპროექტზე მუშაობაში ჩართული იყვნენ დონორებიც.