გიორგი ბაჩიაშვილი - ბოლო სამი კვირის განმავლობაში მითვალთვალებენ მანქანები ჩაბურული მინებით, ექვსი-შვიდი მანქანა, რომლებიც მუდმივად იცვლება
დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებულის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, სამი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
როგორც სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილმა განაცხადა, მას „ჩაბურული მინებით მანქანები დასდევდნენ“.
„ბოლო 2-3 კვირაა, დამდევენ მანქანები, ექვსი-შვიდი მანქანა, რომლებიც მუდმივად იცვლება.სამართალდმაცაველების მანქანები, აბა, ვისი მანქანები უნდა იყოს. არ ვიცი, ეს კანონიერია თუ უკანონო, მე ამის შესახებ არანაირი განჩინება არ მქონია. მითვალთვალებენ მანქანები ჩაბურული მინებით. პოლიციელები სხედან თუ ვინ, არ ვიცი. უბრალოდ, დაფიქსირება მინდა, სამი კვირის მანძილზე ერთი და იგივე მანქანები დამდევენ“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, პირველ გამოკითხვაზე როდესაც დაიბარეს, მას ოქმი არ წაუკითხავს.
ამასთან, პროკურატურამ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა და ბრალდებულისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.