გიორგი ბაჩიაშვილი - დამნაშავე არ ვარ, დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია, შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში
გიორგი ბაჩიაშვილი - დამნაშავე არ ვარ, დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია, შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბაჩიაშვილის განცხადებით, სასამართლო საზღვრის კვეთის უფლებას თუ არ მისცემს, ეს მის ბიზნესს ძალიან დააზარალებს.

„დამნაშავე არ ვარ. დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია. შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითიც დაკავებული ვარ ბოლო 10 წელზე მეტია. არ მესმის, როგორ შეიძლება, ეს იყოს აღქმული დანაშაულად. საზღვრის კვეთის აკრძალვა ჩემს ბიზნესს ძალიან დააზარალებს“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.