გიორგი არსოშვილი - 112-ზე მომართვიანობა გაზრდილია, მაგრამ მაქსიმალური მობილიზება გვაქვს, რათა ყველა მოქალაქეს გავუწიოთ მყისიერი დახმარება
შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის დირექტორის, გიორგი არსოშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივად უპრეცედენტო პროექტი დანერგა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მოქალაქეს რომელსაც აღენიშნება კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომები, შეუძლია დარეკოს 112-ზე.
გიორგი არსოშვილის თქმით, 112-ის ოპერატორი ახდენს მოქალაქის გამოკითხვას სპეციალური პროტოკოლის მიხედვით და იმ შემთხვევაში, თუკი ფიქსირდება ვირუსთან დაკავშირებული სიმპტომები, ავტომატურად ხდება ნებისმიერი მოქალაქის გადამისამართება ოჯახის ექიმთან.
„უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის ექიმები 24-საათიან რეჟიმში მობილიზებულები არიან ქვეყნის მასშტაბით 25 კლინიკაში. კლინიკები დაყოფილია ტერიტორიული პრინციპით და ამ შემთხვევაში უშუალოდ ექიმის მიერ ხდება კვალიფიციური სატელეფონო გამოკითხვა უშუალო ინიციატორის. იმ შემთხვევაში, თუკი ექიმი დაადგენს, რომ საჭირო არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩართვა, ეს კონკრეტული საქმე უბრუნდება 112-ს და ხდება სპეციალიზირებული ეკიპირებით შესაბამისი სამედიცინო ბრიგადის გაგზავნა იმ კონკრეტულ ლოკაციაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ექიმი დაადგენს, რომ ამ ეტაპისთვის არ არის საჭირო პაციენტის გადაყვანა კლინიკაში, ეს პაციენტი ექიმთან რჩება სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმში“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
მისივე თქმით, 14 დღის განმავლობაში ექიმები აკვირდებიან ყოველ მესამე დღეს პაციენტის მდგომარეობას. თუკი დამძიმდება ან გაუარესდება პაციენტის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ექიმი ავტომატურ რეჟიმში ახდენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებას.
„ამ პრინციპით და ამ მიდგომით, ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა მოქალაქეს გავუწიოთ კვალიფიციური სატელეფონო კონსულტაცია. რა თქმა უნდა, ამ მიდგომით ჩვენ განვტვირთავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემას და, რა თქმა უნდა, სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია, არც იყოს საჭირო პაციენტის გადაყვანა იმ კონკრეტული ეტაპისთვის. ხოლო ნებისმიერი პაციენტი, თუკი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ჰოსპიტალიზაციას, ამ შემთხვევაში მობილიზებული იქნება ბრიგადები, რომლებიც გადაიყვანენ მას შესაბამის ჰოსპიტალში“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
112-ის ხელმძღვანელის თქმით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ექიმებთან ერთად, რათა ყველა მოქალაქემ მიიღოს კვალიფიციური სერვისი როგორც სატელეფონო კონსულტაციის საფუძველზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით.
„იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეს უფიქსირდება კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომები; ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ამ შემთხვევაში როდესაც მოგვმართავს ჩვენ მოქალაქე ვუტარებთ პირველად გამოკითხვას ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით. თუკი ვხედავთ, რომ ამ მოქალაქეს ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება, რა თქმა უნდა, ვახდენთ სასწრაფოს მობილიზებას“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
გიორგი არსოშვილის ინფორმაციით, 112-ში მიმართვიანობა გაზრდილია.
„მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად 112-თან მიმართებაში მომართვიანობა გაზრდილია, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური მობილიზება გვაქვს, რათა ყველა მოქალაქეს გავუწიოთ მყისიერი დახმარება. რაც შეეხება სამედიცინო საქმეებს, კორონავირუსის სიმპტომებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ საშუალოდ დღის განმავლობაში შემოდის დაახლოებით 400 საქმე სიმპტომებიდან გამომდინარე და უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 5-6 პროცენტი ამ საქმეების არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაზე გადამისამართებული, ხოლო სხვა დანარჩენი რჩება ოჯახის ექიმებს კონტროლზე“, – განაცხადა არსოშვილმა.