აგვისტოს ომის გაუტეხელ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე გადაღებული ფილმის პრემიერა საქართველოს პირველ არხზე გაიმართა. საპრემიერო ჩვენება შედგა საქართველოს პირველი არხის ღია სტუდიაში, რომელსაც ანწუხელიძის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ჩვენი გმირები.
„ვფიქრობ, რომ ფილმის მნიშვნელობა თავად ფილმია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები და უფრო მეტიც, უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი გმირები. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ფილმის პრემიერა შედგა საქართველოს პირველ არხზე. ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენ შევძელით, რაღაც ფორმით მაინც უკვდავგვეყო გიორგი ანწუხელიძის სახელი და გვარი და ის ემოცია, რომელიც სუფევდა აქ, მიკრო ჩვენებაზე. ვფიქრობ, ფილმი ამბობს ყველაფერს, რისი თქმაც უნდოდა თავად რეჟისორს, შემოქმედებით ჯგუფს და ყველა ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ ფილმის შექმნაში“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
გიორგი ანწუხელიძის მეუღლის, მაკა ჩიკვილაძის თქმით, ფილმი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და პირველ რიგში, ქვეყნის გმირებისთვის.
„ძალიან დიდ ემოციებში ვარ. დიდი დატვირთვა აქვს ამ ფილმს ჩვენთვის. ეს ფილმი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და პირველ რიგში ჩვენი გმირებისთვის. გადაღების პროცესი იყო ისეთი, რომ ფაქტობრივად, გიორგი იყო ჩვენთან ერთად და ჩვენ გვერდით. ფილმში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. მადლობა მინდა, გადავუხადო, ვინც მუშაობდნენ ფილმზე, გადამღებ ჯგუფს. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო დათო ევგენიძეს, საოცარი მუსიკა ჟღერდა ნამდვილად და ყველას, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამ ფილმზე მუშაობაში“,- განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ.
როგორც ანწუხელიძის მეგობარმა და თანამებრძოლმა, მთავარმა სერჟანტმა თორნიკე თვარაძემ განაცხადა, ერთსაათიან ფილმში საზოგადოება ნახავს გიორგი ანწუხელიძის ცხოვრებასა და გმირობას.
„ფილმი „გიორგი ანწუხელიძე“ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის. საზოგადოება ნახავს ერთ საათში მოქცეულ მის ცხოვრებას, გმირობას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც ამ ფილმით გიორგის სახელი უკვდავყო. ჩვენ უკვე საშუალება გვაქვს, ერთი ამოსუნთქვით გიორგი გავიცნოთ. გიორგის ფილმი იყო და მასში ერთიანდება ყველა ჩვენი ქართველი გმირის სახელი და ეს კიდევ ერთხელ ამძიმებს ამ სიტუაციას. აუცილებელია ასეთი ტიპის ღონისძიებები, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცოდეს, ვინ შეინარჩუნა ეს ქვეყანა და ვინ მოიყვანა აქამდე. ჩვენი შვილები რომ თავისუფალ ქვეყანაში იზრდებიან, ეს ამ ბიჭების და გოგონების დამსახურებაა, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ და თავიც შესწირეს“,- განაცხადა სერჟანტმა თორნიკე თვარაძემ.
ფილმის რეჟისორია შალვა შენგელი. მისი განცხადებით, ფილმზე მუშაობა ძალიან ემოციური იყო.
„ვფიქრობ, ეს ფილმი დღეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ბევრმა უნდა ნახოს, ბევრი რამე გაუფასურდა. გმირობა გაუფასურდა. ისეთ ხალხს ვეძახით გმირებს, რომ ამასთან ახლოს არ არიან. ნამდვილი გმირები დავივიწყეთ. ეს ფილმი ბევრმა უნდა ნახოს, რათა იგრძნოს, რომ მართლა არის ჩვენში ის ძალა, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება. ჩემთვის ყველა სცენა მნიშვნელოვანია. ვარჯიში, რომელიც ბიჭებმა შექმნეს და ვარჯიშის დროს იძახიან „გიორგისთვის“, ეს გადაღებების დროსაც ემოციური იყო. მწვერვალზე ასვლა და იქ სიმღერა. ხალხში არის დიდი მუხტი, წავიდნენ ბრძოლაში ამ შეძახილით „გიორგისთვის“. იქ წავიდნენ, სადაც სახელმწიფო დაუძახებს. ყველა სცენა მნიშვნელოვანია თუმცა გამოვყოფ მამიდას, ქალბატონ ეთერს“,- განაცხადა შალვა შენგელმა.
ფილმის იდეის ავტორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია დირექტორის, რუსუდან მანჯგალაძის თქმით, ფილმზე მუშაობა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო და ფილმის პრემიერა თავიდანვე 8 აგვისტოს იყო ჩაფიქრებული.
„ფილმზე მუშაობა შემოდგომიდან დავიწყეთ. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო, იმ ადამიანების შესახებ, ვინც თანამედროვე საგმირო ისტორიას წერს, მათზე გადავიღოთ ფილმები, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ უკეთესად გაიცნოს ეს ადამიანები. ამ ფილმზე მუშაობა როცა დავიწყეთ, მაშინვე გვქონდა ჩაფიქრებული, რომ ფილმის პრემიერა აუცილებლად 8 აგვისტოს იქნებოდა. მართალია, ფილმი გიორგი ანწუხელიძის შესახებაა, მაგრამ ეძღვნება ყველა გმირს, იმ ბიჭებს, ვინც თავიანთი სიცოცხლე გასწირეს 13 წლის წინ ჩვენი სამშობლოს დასაცავად“,- განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.
დოკუმენტური ფილმი – „გიორგი ანწუხელიძე“ მოგვითხრობს საქართველოს ეროვნული გმირის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალ გიორგი ანწუხელიძის ცხოვრებაზე.
ფიზიკურად ძლიერი და სულიერად უტეხი ჯარისკაცი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით მოკლეს, მისი წამების ვიდეოკადრები კი, ინტერნეტით გაავრცელეს.
ფილმში მონაწილეობენ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და მეგობრები. მის მშობლიურ სოფელ ალვანში, გიორგი ანწუხელიძის პატივსაცემად ყოველწლიურად იმართება დალაობა და დოღი. მისი სახელი მინიჭებული აქვს კავკასიონის ქედის ერთ-ერთ მწვერვალს.
ფილმში შესულია უნიკალური, ექსკლუზიური საარქივო კადრები, რომელზეც ეროვნული გმირი მის სიცოცხლეშია გადაღებული.