გიორგი ანდრიაძე - თუ რეაბილიტაცია ოდნავ მაინც უნდა, მეუფე პეტრემ საქციელი უნდა მოინანიოს
პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესიაში მამათმავალი და ზნეობრივი ცოდვებით შეპყრობილი სასულიერო პირები თუ არსებობენ, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ ცაავამ ისინი უნდა დაასახელოს, ეკლესიამ კი მოიკვეთოს.
მისივე თქმით, თუ მართლაც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებზეც პეტრე ცაავა საუბრობს, ისინი ეკლესიის რეპუტაციის შელახვის მიზნით, უშიშროების მიერ ჩანერგილები იქნებიან.
„ასეთი პირები თუ არსებობენ, არიან ჯერ კიდევ კომუნისტების, შემდეგ შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს უშიშროების მიერ სპეციალურად ჩანერგილები. მათი მიზანი იყო ეკლესიის რეპუტაციის შელახვა. არ გამოვრიცხავ, ასეთი პირები არსებობდნენ, მითუმეტეს, როცა ამას აცხადებს მეუფე პეტრე, რომელიც არის ფაქტობრივად ახალაიების ოჯახის წევრი. მას უნდა ჰქონდეს ინფორმაციები მთელი იმ ფაშისტური მანქანის შესახებ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა“, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.
ამასთან, ანდრიაძის აზრით, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა საქციელი უნდა მოინანიოს.
„თუ ისევ იგივე ბრალდებები გაიმეორა, მარტივი ლოგიკაა, რა თქმა უნდა, მთლიანად მოიკვეთება. უფრო სწორად, თვითონვე ვერ გაჩერდება ამ სივრცეში“,- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.