გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული ისტორიული კორპუსი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული მეორე სასწავლო კორპუსი გახსნა, განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
„დღეს დავათვალიერეთ სრულად რეაბილიტირებული და განახლებული სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიული შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიებით, აუდიტორიებითა და ხელსაწყოებით, ყველაფრით, რაც საჭიროა თანამედროვე სამედიცინო განათლებისთვის.
სამედიცინო უნივერსიტეტს ნამდვილად ძალიან მაღალი თამასა უჭირავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს უნივერსიტეტების განვითარებას და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელების მხარდაჭერას როგორც აკადემიური, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
მსურს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და, განსაკუთრებით, სტუდენტებს წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აკადემიურ გარემოში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, უნივერსიტეტის ყველაზე ძველი კორპუსია.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე გარემონტდა პირველი სასწავლო კორპუსის ფასადი, აშენდა და მოეწყო კაფეტერია.
უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ფუნქციონირებს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან ემორის (ატლანტა, აშშ) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება, ასევე სამი სასწავლო დეპარტამენტი და „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“.
ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.