გიორგი ამილახვარმა სკოლის მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სკოლის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
განათლების სამინისტროს ცნობით, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, მინისტრმა მორიგი შეხვედრა 100-მდე მასწავლებელთან გამართა და მათგან პირადად მოისმინა სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხებს, სასწავლო რესურსების, მათ შორის სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
ზოგადი განათლების განვითარების ჯგუფი აქტიურად მუშაობს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ჯგუფს თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.
სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.