გიორგი ამილახვარმა შოტლანდიის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში იმყოფება. მინისტრი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში, სახელწოდებით Going Global 2023 მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრები გამართა შოტლანდიის განათლების მინისტრთან, გრემ დეისთან, ბრიტანეთისა და შოტლანდიის უნივერსიტეტების ასოციაციების ხელმძღვანელებთან და დანდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. მხარეებმა საქართველოში ერთობლივი და ორმაგი აკადემიური პროგრამების განხორციელების პერსპექტივები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხედვა გააცნო, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, მეტი ერთობლივი და ორმაგი აკადემიური პროგრამების შექმნას და ქვეყანაში ბრიტანული უნივერსიტეტების მაქსიმალურად შემოსვლას. ბრიტანული მხარე დაინტერესდა საქართველოსთან თანამშრომლობით და უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.
ედინბურგში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში, სახელწოდებით Going Global 2023 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები და ლიდერები მონაწილეობენ, რომლებიც უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.