გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს, უილიამ ტონგს, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ჰალა მადანატსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის დეკანს, ჯეფრი რობერტსს უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის მიმდინარეობა განიხილეს, რომელიც, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2023 წელს დადებული მემორანდუმის საფუძველზე, ოთხი წლით გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო ყოველწლიურად 90-მდე სტუდენტს იღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს საქართველოს უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბური პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული როგორც სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის კუთხით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე პროექტის გაფართოების საკითხი განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
შეხვედრის დასასრულს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებმა გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.