გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარადგინა
გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარუდგინა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხედვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება კერძო სექტორთან ერთად პროფესიული განათლების მიწოდებაში მონაწილეობაა, რაც ითვალისწინებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას.

სახელმწიფო პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებს ინვესტიციებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებას, რაც დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის. სახელმწიფოს მხრიდან ეს გახლავთ კერძო სექტორისთვის შეთავაზებული ინოვაციური მიდგომა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციების განახლებას, სექტორული პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლებას გეგმავს. ასევე, დაიწყება მუშაობა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების მაქსიმალურად ინტეგრირების მიზნით. მნიშვნელოვანი სიახლეებია დაგეგმილი პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიმართულებითაც, რაც მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და მათი კვალიფიკაციების ამაღლებას გულისხმობს.

სამინისტრო ხედვით გათვალისწინებული ინიციატივების დანერგვას მიმდინარე წელს დაიწყებს, რის შედეგადაც უახლოეს მომავალში პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობასა და მიმზიდველობას გაზრდის.

პრეზენტაციას პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.