გიორგი ამილახვარმა მოსწავლეების მშობლებთან ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სკოლის მოსწავლეების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა.
მინისტრი შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ საკითხებს დეტალურად გაეცნო. მათ შორის, მხარეებმა იმსჯელეს სკოლებში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ეხება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, სასკოლო კვებას, ბუფეტებს, ჰიგიენის დაცვას, სკოლების დაფინანსებას და სხვ. გიორგი ამილახვარმა მშობლებს სკოლებში პრობლემების დაძლევის კუთხით საკუთარი ხედვები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრის ინიციატივებმა და გადასადგმელმა ნაბიჯებმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან მოწონება დაიმსახურა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, სკოლებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებისა და არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და სხვადასხვა აქტუალური საკითხის სიღრმისეული განხილვის მიზნით სამომავლო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, მშობლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება, რათა ისინი კიდევ უფრო მეტად იყვნენ ჩართული მიმდინარე რეფორმის პროცესში.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.