გიორგი ამილახვარმა ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
გიორგი ამილახვარმა ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე უპრეცედენტო, მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ ლარს შეადგენს, სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით. ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.