გიორგი ამილახვარმა იტალიის ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე წულაძესთან ერთად, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
განათლების სამინისტროს ცნობით, გიორგი ამილახვარმა ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განათლების სფეროში განხორციელებული ერთობლივი პროექტებისთვის.
„მინისტრმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს სამაგალითო პარტნიორობისთვის და სკოლებში იტალიური ენის სწავლების მხარდაჭერისთვის. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ, მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.
შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ განათლების მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.