საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, კერძო სექტორში ბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.
„მოგეხსენებათ, 2020 წელს შემოვუერთდი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ქვეყანას, ქართულ განათლებას პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თუ მინისტრის რანგში. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი, მათთან ერთად ბევრი რამ გავიარე და ერთად ბევრ მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ, რაც მეამაყება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. პრემიერ-მინისტრს და გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა, ოთხწლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წარუძღვეს არჩევნებამდე. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო, გაუფრთხილდნენ მათ.
განათლების სისტემა ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ემსახურება ყველაზე მთავარს ამ ქვეყანაში, ჩვენი მომავალი თაობების აღზრდას და მათ განათლებაზე ზრუნვას. დიდი მადლობა ჩემს მოადგილეებს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მრავალი გათენებული ღამისთვის, ბრძოლისთვის და იმ დიდი რეფორმებისთვის, რაც ერთად განვახორციელეთ. ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად ქვეყნისა და ქართული განათლების სამსახურში ყოფნა. განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ერთად შევძელით და გავატარეთ ისეთი ფუნდამენტური, უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორებიცაა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავება, უპრეცედენტო სახელფასო მატება პედაგოგებისთვის, მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაარსება, პროფესიული განათლების შეტანა სკოლებში, 100 სრულიად ახალი სკოლა მომავალ თაობას, კერძო-საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, გაორმაგებული სტიპენდია სტუდენტებისთვის, 27000 სტუდენტისთვის დავალიანების გაუქმება, ონლაინ განათლების რეფორმა და სხვა“, – განაცხადა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა. მანამდე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.